...
ცუდი ბავშვები ქვებს მესვრიან შიგ სახეში.. ცუდები! არ ღირდა მათთვის ჩემი სიზმრების ჩამორიგება. ისეთი საცოდავი ვარ, თვალს ვირიდებ, მეუხერხულება. ვგრძნობ სამყარო ზედმეტს მოითხოვს ჩემ(ნაირის)გან, ვერ გადავიტან.მინდა გავიწელო, როგორც მოლოდინი, მოგწვდე და მოგეხვიო. ჩემმა კანკალმა აგიტანოს, გავინაწილოთ. სამწუხაროა, რომ "მინდა" არ ყოფნის მშიერ რეალობას, მე კი დავიღალე მისი დაპურებით. აღარ მინდა..
ვცხოვრობ სახლში, ქათმის ფეხებზე – ჰო, მე ვარ ეგ, ალქაჯად შენიღბული. ჩემი სახლი ტყუილის ფეხებზე დგას და არ აქვს კარი, მხოლოდ ფანჯარა. განა არ ვიცი, მეც ცუდი ვარ, როგორც ლურჯი ბავშვები, დილაობით რომ უკაწრავენ ტყუილს ფეხებს და მერე მამასთან ჩივიან, დამტვრეული ფრჩხილების გამო. მეც ცუდი ვარ–მეთქი, თვითონ ვაშენებ სახლის საყრდენს, თან რა მონდომებით. საღამოობით ვერთობი კედელზე გაკრული ჩრდილებით, რომლებიც ცეკვავენ და შავ კონტურებში მალავენ მთელ მათ რეალურ სიმახინჯეს. მერე მბეზრდება. მერე მუსიკა, ლოცვები და ისევ სიზმრის მისამართზე ვაგზავნი წერილს.
ხვალ რომ გათენდება, სამყარო კვლავ ალუბლებივით დამეკიდება ყურებზე, გამალამაზებს და დამამძიმებს. მოვძებნი ძალას ავიტანო მრავალთვალები, ბრაზიანი ბავშვების გალურჯებული მამა და ტყუილი, რომელიც არ ამართლებს არცერთ ანდაზას.. უგრძელდება, უსასრულოდ, ფეხები.