Wednesday, October 17, 2012

სიახლეები


ცხოვრება სირბილს დაემსგავსა.
ბლოგს აღარ კითხულობს კაჩუნიცა.

დღეები უსასრულოდ ებმის ერთმანეთს და მე დავკარგე წარსული, იმ თანამედროვე ბრაზილიური ტომის მსგავსად, აწმყო რომ დროის ერთადერთ მაჩვენებლად წარმოუდგენია,  დათვლას კი მხოლოდ ორამდე ახერხებს: ერთი, ორი, ბევრი...ეს კარგია. განა საჭიროა რაიმე მეტი?
საჭიროა.
საჭიროა სითბო მეტი, ერთმანეთის თვალებსა და ხელის გულებში ამოკითხული მეტი სითბო არის საჭირო და, მერე რა, თუ სულაც არავინ ვიცნობთ ერთმანეთს?! ჩვენ მსგავსად ვხედავთ დილის რიჟრაჟიდან საღამოს დასერილ, წითელ ცამდე ცვალებად საგნებს და ეს კმარა, რომ გულწრფელად ვიღიმოდეთ, თუნდაც ვაბნევდეთ გვერდით მსხდომთ ჩვენი სუფთა ღიმილით.
ბლოგს აღარ კითხულობს კაჩუნიცა, რადგან საჭიროა მეტი სითბო, აქ კი, მომჟავო სიმყუდროვის ბაღში ბოლო დროს ისე აცივდა, ალუბლებმა იწყეს გაუხარებლად ჭკნობა. დავრჩი უნაყოფოდ და კაჩუნიცამაც უარმყო ბერწი მწერალ–მებაღე.. არადა,  მე სულ ახლახანს დავიწე რაღაცების შემჩნევა და მცირე დეტალებით გრძნობების შენება–შესავალი კურსი ბედნიერების არქიტექტურაში. 
დღეს ისტორიები წყვილებად დაბოდიალობდნენ ჩემ გვერდით, იკავებდნენ ყველა გრძელ სკამს, ყველა კოცნისათვის ხელსაყრელ მყუდრო ადგილს და კვლავ ვეზედმეტე მათ ჩუმი მღიმარი, გამომაძევეს..და მაინც, იქ დაგიტოვე ჩემი დუმილი, რომ არ დაგავიწყდეს, როგორია იგი.
არ დაგავიწყდეს, ვერასდროს იპოვი ამის მსგავს დუმილს.
არ დაგავიწყდეს, უშენოდ ვისწავლე დუმილი.
არ დაგავიწყდე.
დღეს ბეღურას გული გადავუშალე და დავაპურე

დღეს როგორც არასდროს, მომსურვდა ძილი და..