Monday, December 10, 2012

..და არს მუსიკა

hello
hello
არც არავინ იყო კარის იქით.
მხიარული ადამიანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, არავინ რჩებოდა იმაზე დიდხანს, ვიდრე ყავის გაცივებას სჭირდება. ხელისგულებივით განსხვავებულები იყვნენ ისინი, თითქოს შემოქმედს გულდასმით დაემუშავებინა თითოეულის ხასიათი და განწყობათა ლაბირინთში გამოემწყვდია მინოტავრები. ძნელი იყო ყოველი მათგანის თვისებათა დამახსოვრება, მაგრამ ვცდილობდი, რამდენადაც არ მქონდა მეტი საქმე.
ერთხელ, მომწვანო მდინარეს ჩაჩერებული, ჩემი თავის ანარეკლს წავაწყდი და შემეშინდა. ფიზიკურად სულაც არ მგავდა, პირიქით, ერთ მსგავსებასაც ვერ ნახავდი ჩვენ ორს შორის, თუ არ ჩავთვლით მისი თვალის ფერს, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა, რადგან წარმატებით მალავდა თვალებს ჩემი ანარეკლი.
ჩვენ ერთნაირად ვუყურებდით გარშემო მოძრავ საგნებს და ვცდილობდით მათ შეყვარებას, რომ შეგვყვარებოდა თავი ჩვენი.
პიტნის ჩაის რიტუალი.
მუსიკით ვაფორმებდით შთაბეჭდილებათა საღამოებს და დროს შთანთქავდა ჩვენი მუსიკა. ალბათ ესაა ბედნიერება : ვარსკვლავიან ცას ახედო და მის უსასრულობაში კი არ დაიკარგო, არამედ დაკარგულმა თავი იპოვო და შეაფარო მნათობებს.
მისი მზერა–ორი თვალის ჟრუანტელისმომგვრელად სასიამოვნო გამოხედვა, ვით სიცივისგან აკანკალებულს ცხელი წყალი ზურგზე შეგეხოს.
ადამიანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, არავინ რჩებოდა დიდხანს, ხოლო მან დრო მოკლა და დამნაშავე ხელები შემომხვია. მან გადაწყვიტა ჩემთან დარჩენა ყოველი ხერხით, თუნდაც ოქროს წვიმად მომვლინებოდა..



(..და დარჩა მუსიკად, რადგან არაფერი იყო მასში მუსიკაზე მეტი და არაფერი მჭირდებოდა მე მასზე მეტი, რადგან მუსიკა არის მოძრაობა და მოძრაობა არის სიცოცხლე.)