იმედგაცრუების ზღვა.
დაღმასვლა. მეცხრედან პირველამდე. მძიმედან აუტანლამდე. სვლა ეკლიან დაღმართზე. ხან ნაცრისფერი მხეცი ვარ, ხან– ცეცხლოვანი ფრინველი. პატარა სოფლებს, პატარა სიცოცხლეებს ვანადგურებ.
ამაოების სადგური # 9
შიშველი სხეულების გულისცემა ერთადერთი რიტმული მოძრაობაა ნისლიან სადგურზე. ისინი თრთიან. დამშრალი თვალების მზერა ფიქსირებულია სადგურის გაჩერებულ საათზე. გაყინულ ციფერბლატზე ექვსი საათი აღიბეჭდა და მგზავრთა იმედები შთანთქა. მოლოდინმა ნესტივით დაისადგურა მათს ძვლებში. მან დროის დინება უარყო და უსასრულობას შეერწყა. მატარებელი მოდის უსასრულოდ. დროის წინაღობა უარყოფილია. მარტარებელი არასოდეს აგვიანებს. ისრები უმოძრაოა. ის აუცილებლად მოვა შიშველი სხეულების სანუგეშოდ. ოთხნოტიან მელოდიად ისმის გულისცემა. ამაოების რეკვიემი ჟღერს მათ სხეულებში, სადაც სულის ნაცვლად ლურჯი ფრინველები იხრწნებიან. ასეული წლის წინ, როცა სადგურს მინის სახურავზე მზის სხივები ირეკლებოდა და ჭაღარა მხატვრის წითელი ხელები წამის დაჭერას ცდილობდა, დრო გაჩერდა და მასთან ერთად დაკარგა მოძრაობის უნარი ყოველივე არსებულმა. გადარჩა რეკვიემი, რომელიც ზედმეტად მოუხელთებელი იყო წამის მხატვრისთვის. წრეები. ციფერბლატები. წრეები ადამიანთა თვალებში. უემოციო მოლოდინი. დავიწყებული მომავალი. არავის ახსოვს რა არის მატარებელი..მაგრამ ის მოვა.
1.2.3.4.
რიტმული გულების აზრთაცვლა :
ღვთაებრივი ცეკვის მაყურებელი ბავშვები ტირილს წყვეტენ.
ერთი. ამოსუნთქვა.
ორი. გახსოვს? წმინდა მთიდან ზეცად ავმაღლდით, ამაზრზენ ქალაქს გადმოვხედეთ. არ გახსოვს.
სამი. მომიყევი სიბნელეზე. მე არასოდეს დამიხუჭავს თვალები. მეშინოდა დაბრმავების. მომიყევი შიშებზე. ეჭვებზე, შურზე, ღალატსა და სივრცეში დაკარგულ ადამიანებზე. ადამიანობაზე. შეუძლებლობაზე. ღმერთებზე მომიყევი.
ოთხი.
გონებადაკარგული ქალწულის სახეს დავცქერით. ნაკვთები იარებია – ასე სრულგვყოფს შემოქმედი. გონებადაკარგული წითელი ფრინველი. უმოძრაო მიმიკური კუნთებითაც კი ისეთი მედიდურია, დახრჩობა მოგინდება. მაგრამ მომავალს გვერდს ვერ აუვლი. შეუძლებლობა.
რეალობა.
სანაგვის ვირთხებისგან მხოლოდ იმითი გავნირჩევით, რომ ზოგჯერ თავი მათგან განსხვავებული გვგონია. სინამდვილეში კი სანაგვეზე ვიბადებით, ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვიხოცებით და ვერწყმით უსასრულო სანაგვეს. ზოგჯერ მზე დაგვნათის და ვბრმავდებით. ისე ვბრმავდებით, რომ მნათობის სხივები ბედნიერებას გვგვრის და გვავიწყდება, რომ ჩვენთვის ეგზომ ღირებულს, საარსებოდ მნიშვნელოვანსა და ეფემერულ ქონებას, ნაგავს გვიხრწნის.