ჭექა–ქუხილი გაისმა. ფანჯარას ამოფარებული გამხდარი ქალი სხეულს პლედით იფარავს.
დილის 3:56.
ოთახში არასრული სიბნელეა. ავეჯსა და ნივთებს შორის კატასავით დაიპარებიან ლანდები.გამხდარი ქალის ლანდები..პირადი საკუთრება და თეატრის ძველი ბილეთებივით შემორჩენილი ისტორიები. ყველას სძულს მელანი. იგი ლანდებს ააშკარავებს. შემოქმედება – ტკივილის ჯვარცმა თეთრ ფურცელზე.
გახევებული ქალი აბრეშუმის პლედით იფარავს წუხანდელ იარებს. მოკლე წინამო მისი ხასიათის მკაცრი შტრიხია და მელანქოლიაჩამდგარი თვალების ხაზგასმა.
უეცარი სიცილი ქალის ბაგეს ამტვრევს. შეიშალა?! დემონმა ეგოს კედელს გადააბიჯა.
უხორცო სხეულს იატაკზე ათავსებს და იცინის. ლანდები ღელავენ. წამის მეათედში ქალის სახეზე ემოცია იცვლება. (ნაკვთების მარტივი რეკონსტრუცია) მშვიდი ხმით:
– ისევ მოხვედი, ალიგიერი? არ იშლი შენსას? – ღიმილი. თვალებს ხუჭავს და სიბნელეს ენდობა. – მიყურე, როგორ დავნებდები ეშმაკს!
კვლავ სიცილი. ჭექა–ქუხილს ეხმაურება და ლანდებს აშინებს.
4:12.
აისი : ნაღებისფერი. წითელი. ნაცრისფერი.
ჩუმი მზე.
ქალი საწერ მაგიდასთან ზის და სამელნის ზედაპირს თითით ავლებს წრეს. ოთახში ნესტისა და ვარდების სუნი ტრიალებს. ღვთაებრივი სიცილი ჩვეულ ცივ მზერად გარდაეცვალა. კვლავ უხორცოა და არამიმზიდველი.
ქალის ფიქრები :
წერდე – ნიშნავს, არაფრის გეშინოდეს.არც დემონების და არც კოსმსური შავი ხვრელების. ნიშნავს სამყარსთან რისკიან თამაშს.
წერდე – ნიშნავს, ყოველ ჯერზე მახინჯი ბავშვი დაბადო და გონების ეკლებს მისი უსუსური ხორცი დააგლეჯინო. შემდეგ ლოტუსის ყვავილებით მორთო საკუთარი ქმნილება.
წერდე წარსულს– ნიშნავს, აჩრდილები მუჭში მოიმწყვდიო და ოლიმპიელ ღმერთებთან გაუშვა დასამარცხებლად..
უყურო, როგორ გადაიქცევა შენი სიტყვა კაცობრიობის საკუთრებად. როგორ მოივლის აბრეშუმის გზით მისტიკურ აღმოსავლეთს და ტიბეტელ ბერს გულწრფელად გააცინებს.
წერდე– ნიშნავს, შემოქმედს იწვევდე, მაგრამ არ მარცხდებოდე, როგორც ბიბლიური იაკობ, არამედ ღმერთი დაიმორჩილო.
შეუძლებლობა :
მელანი არასოდეს კმარა.
სისხლი არასოდეს კმარა.
სიტყვა არასოდეს კმარა.
არც სიბნელე კმარა ღამით.
სიმფონია არ კმარა.
ბახი ნაბიჭვარია.
ვინსენტი მკვდარია.
ადამიანობა – შეუძლებელი.
4:26.
თოლიების ხმა ბედნიერების ილუზიას ბადებს ცარიელ სანაპიროზე. ზღვა. სილურჯე, როგორც განწყობა დილაობით.
ქარი აფრიალებს აბრეშუმის პლედსა და შავ კაბას. ტანისამოსად ქცეული უხორცო არსება –ქალი ტირის. მლაშე ზღვაში ჩაიძირა მელანქოლია.
,,შეუძლებლობა".– ჩურჩულებს.
ზღვა გამხმარი ტერფების დალბობას ცდილობს. სხეულს სიმლაშე იპყრობს. ყურის ნიჟარებიდან ლანდების უკანასკნელი, ცხოველური კივილი ისმის. ამჯერად ვეღარ დაემალებიან მელნისებრ სილურჯეს. ყველაფერი ზღვარზეა. ბოლო სადგური. თავისუფალი მგზავრის შვებით ამოსუნთქვა ჰაერს შეერია. მკვდარი თევზები წყლის ზედაპირისაკენ ისწრაფიან. კენჭები კი სიკვდილის მოზაიკას აწყობენ ფსკერზე.