,,ზოგჯერ უგზო–უკვლოდ გადაკარგვა მინდება," – მელნით ამოკაწრა უხეშ ქაღალდზე, შემდეგ ორად გაკეცა და გახუნებულ კონვერტში აკურატულად მოათავსა. მისი თითები დახვეწილად მოძრაბდა ქაღალდის ზედაპირზე. უკვე თენდებოდა. მალე საფოსტო ოფისში შუქი აენთებოდა და შუშის კარზე დაკიდებულ აბრასაც შეატრიალებდნენ ფოსტის მზადყოფნის აღსანიშნავად.
დროის სვლასთან ერთად სიტყვები ეკარგებოდა და შემდეგ საკუთარსავე ნააზრევს რომ წააწყდებოდა, ფართო თვალებით მიაშტერდებოდა ხოლმე, როგორც უცხო ეპოქიდან შემონახულ პერგამენტებს. იმ დილითაც ერთერთ ასეთ ჩანაწერს გადაეყარა:
"შენ ამბობ, რომ ვარსკვლავური მტვერი ვართ," - წერდა უცნობი სული,- "შენ გჯერა, რომ ყველაფერი შემთხვევითია და დროებითიც. ეკლესიები და მზის ჩასვლები, ნისლში გამქრალი ქალაქის სევდა - ყოველივე ღმერთის სიზმარია. ღმერთი კი თვითმფრინავების თეთრ კვალს კოკაინივით ისუნთქავს, რადგან რეალობა* მისთვისაც ისეთივე მსუბუქი და მწარეა, როგორიც დღის დასასრულს უკანასკნელი კოცნები და აპოკალიფსური შიშები."
არცერთი სიტყვა არ ეცნობოდა, თუმცა მარტო ცხოვრობდა და ზუსტად იცოდა, ყველა ჩანაწერი თავისი გაკეთებული იყო, რადგან მის მარტოობას წერა არ შეეძლო.
(პაუზა.)
(სიგარეტის კვამლი.)
"ერთ დღესაც აღარ გათენდა. ჩამქრალი მზისა და ლამპიონების ფონზე ვიჯექი.
ვთოვდი.
ხალხი კი უგუნურად მტკეპნიდა. სახელხადელოდ ამოქოლილი ფანჯრის მინებიდან შემოპარულ ლამპიონების სხივებს ვემალებოდით დეკემბრის იმ დილას. ერთმანეთის მარტოობა გვეფარა და მე ვუსმენდი შენი გულის მუსიკას, ბოლო დროს რომ საკუთარზე მეტად ვაფასებ. მაშინ გითხარი, ახალი ფეხსაცმელების მეშინია მეთქი და ორივეს გაგვეცინა. მერე კი მოგიყევი ციგნების ქალაქის აღებაზე, მოთხუპნულსახიანი ბავშვების გვამებზე, ახალგაზრდა გოგონებისა და პირუტყვების გვამებზე (გვერდიგვერდ) და შენ ატირდი. თუმცა ეს არ იყო უბრალო ტირილი, რადგან შენ მხოლოდ ცრემლი გდიოდა, ხოლო სახეზე ჩვეული ღიმილი არ გაგქრობია. მე არასოდეს მინახავს მანამდე ასეთი შესანშნავი ემოცია."
(პაუზა)
თვალები ისე გაუფართოვდა, თითქოს ყრუ ტკივილიც იგრძნო ჭრილის კუთხეებში. საჩვენებელი თითი ერთხელ კიდევ გააყოლა წაკითხულ ხაზს.
მეზობელი ჩიტის მსუბუქი ჭიკჭიკი შემოესმა. რაღაც ძალიან ახლობელი იყო ბოლო აბზაცი. ნაცნობი იყო ის ღიმილიც, რომლის წარმოდგენისას სისხლის მიმოქცევა ერთი ორად უჩქარდებოდა. ნუთუ ისევ შეიშალა?!
ისევ დაუბრუნდა გამბედაობა, რომ ნაწერების ადრესატების რეალურობა ირწმუნოს? ყველაფერი ხომ ასეთი დოკუმენტურია! თარიღები და აბზაცები, მისი ხელწერა!
და ღიმილი..
შეუძლებლობა.
(სიგარეტის კვამლი)
ფანჯრის გვერდით თაროზე სანთლის უკანასკნელი სანტიმეტრი იწვოდა. ალის შარავანდედით კედელი ისე ნათდებოდა, რომ რამდენიმე სურათის ჩარჩოს გაარჩევდი, მაგრამ არა სახეებს.. სახეები იმალებოდნენ.
ღრმად ამოისუნთქა.
წელში გამართვა სცადა, თუმცა ხერხემლის ტკივილს მალევე დანებდა და საწყის პოზას დაბრუნებული, ნაწერს ერთხელ კიდევ მიუბრუნდა.
"გამხდარი ძაღლების მზერა დამყვება მშიერ თვალებად, სუსხიან შეგრძნებებად - მათ სურთ, წამართვან სხეული. ვეძებ უსაფრთხო თავშესაფარს მუსიკის ჩრდილქვეშ, წიგნების გახეულ ყდებში...
ვეძებ შენდობას.. და სხეულის გამართლებას, რადგან ბოლო დროს სულზე ისე მიმეკრა, ვეღარ ვასხვავებ.
ვიოლინოს სიმები.
წერტილ მძიმეები.
მძიმე მკლავები, როცა გძინავს.
მსუბუქი ტკივილი შეკავებულ სუნტქვებს შორის: სუნთქვის სინქრონი - როგორ ვცდილობ აგიწყო, იქნებ ასე გავუგოთ ერთმანეთს და მერე სხეულებიც თამამად გავიხადოთ..
მე შენ გაგაღმერთე, თუმცა ვერ შეგიყვარე, რადგან შენს მუდამ განმსჯელ თვალს ვერ ვეგუები. რადგან შენ არ შემინდობ არცერთ შეცდომას...
წყალს-როგორც სიტყვებს,
წყალს- როგორც შეხებებს,
წყალს- როგორც დილის სუსხს
ვეწაფები, რომ გადავრჩე.
აწმყო კი უიმედოდ რჩება უკიდურესობათა შორის გაჩხერილი.
წყალს- როგორც მომენტის უწყვეტობას ვეტანები, რომ აწმყო გადამეყლაპოს."
წელში გაიმართა.
აწმყო ილუზია იყო. ის ვერასოდეს გრძნობდა აწმყოს მყოფადობას. მხოლოდ ნაწერებში, ჩავლილ წამებსა და ძველ ფოტოგრაფიულ მოგონებებში არსებობდა სიცოცხლე და იმ მომენტში სიცოცხლეს მთელი სიცხადით შეიგრძნობდა გამართულ სხეულში.
*რეალობა, რომელშიც ყველა აზრი მოაზროვნისაგან დამოუკიდებლად, საკუთარი გზით ვითარდება.