Wednesday, April 22, 2020

Longing

იმდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი, შენ კი არაფერს იმსახურებ.

არ ხარ ღირსი, იცოდე რომ მიუხედვად ათასნაწილად დამსხვრეული გულისა, ირაციონალური შიშებისა, ნდობის უნარის დაქვეითებისა და გამრთელებული გულის გაქვავებისა ნებისმიერ წუთას მზად ვარ ყველაფერი დავყარო და სირბილით დაგიბრუნდე. აი, ასეთი პათეტიკური ვარ.

ენა დავკარგე. ოდესმე თუ ენას დაკარგავ უნდა იცოდე, რომ აუცილებლად ამოგივა მეორე ენა. უფრო ძლიერი და მოქნილი, ენა რომელიც უცხო სიტყვებით ილაპარაკებს. შემდეგ მოგიწევს საკუთარივე აზრების გაქცეული ვირთხებივით დაჭერა. 

ენა დავკარგე ნაწილნაწილ - ჯერ გემო გაქრა, შემდეგ გრძნობა, ბოლოს კი სიცარიელე ჩაენაცვლა მთლიან ორგანოს. ზოგჯერ ვეჭვობ რომ ჩემ უკითხავად გადამინერგეს ვიღაცის ენა და ახლა სულ აღარ მესმის რას ვლაპარაკობ.

დიდი ნაბიჯების გადადგმა მომიწევს ახლო მომავალში და რამდენადაც მიყვარს ჩემი თავის კლდიდან ერთიანად გადაგდება, ეს ცვლილებები მაშინებს. ვიცი რომ სწრად ვიქცევი. ვიცი რომ ჩემი თავის მეგობარი რომ ვიყო ჩემს გადაწყვეტილებებს მოვიწონებდი. მაგრამ! წლების წინ დადებული ფიცი ისე მაწევს მხრებზე, მაღლა ახედვა ძალიან ძნელია. არასოდეს არავის უნდა დაჰპირდე, რომ სამუდამოდ გეყვარება. გავა დრო და მოგიწევს სხვების შეყვარება და მერე გული ორად გაგეხლიჩება. არადა, მტკივნეულია ყველაფერი. ჩვენი ყოველღიური მიმოხვრები, ჰაერის გაკვეთით წარმოქმნილი ბგერები და ნახევაღიმილები ისეთი მტკივნეულია!

გახსოვს, რომ მითხარი, მოდი ფიცი დავდოთ რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ ყოველთვის ერთად ვიქნებითო. გახსოვს ის ხე ამ ფიცის სიმბოლოდ რომ ვაქციეთ? გახსოვს ორად გაყოფილი ნიჟარის ყელსაბმები? გახსოვს ბალახზე წოლა და მედუზებზე ოცნება? ისეთი მტკივნეულია ეს ყველაფერი. 1 წელი. 2 წელი. 3 წელი და თვლა გრძელდება. ალბათ ოდესმე მოჭრიან იმ ხეს? ალბათ ოდესმე შემთხვევით გადაგეყრები და მაშინვე ცრემლად დავიღვრებით ორივე. რატომ ხდება ასეთი სევდიანი ამბები? იმდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი, შენ კი არაფერს იმსახურებ. 

Wednesday, February 19, 2020

დიდი დრო გავიდა






















“ნაცნობი ქუჩების აჩრდილები მუსიკას ეფარებიან. ისინი ასე ცოცხლობენ. Ჩემი ნება რომ იყოს ყველა ქუჩას მუსიკის სახელს დავარქმევდი.”

მტვრიანი შუადღე იყო, როცა ახალგაზრდა ქალმა სადარბაზოს ხის მძიმე კარი გამოიხურა და ვიწრო ქუჩას გაუყვა. ამ ქუჩას თავისი ხელის ზედაპირივით სცნობდა. ყოველთვის იცოდა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ადრე თუ გვიან ისევ დაბრუნდებოდა ბრემარის 14 ნომერში. ეს მას მერეც არ დაუშლია, რაც კარზე ცნობა დახვდა, წითელი წარწერით “გასახლება”.

ყველაფერი ცხადად ახსოვდა: პატარა ლურჯი ფეხსაცმელები - თეთრ წინდებზე, ასფალტის სუნი და დედას ხელების სირბილე. Მაშინ თამაში იყო ადვილი, ხის მძიმე კარი კი - კიდევ უფრო მძიმე. დრო ისე იწელებოდა, ერთი საათით დალოდება ჯოჯოხეთში წვის ტოლად ეჩვენებოდა. Ახლა კი ცდილობს, გაიხსენოს, ბოლო 2 წელი სად დაკარგა. Ან დედას ხელები როდის გაუხდა ასეთი უხეში.

“Ჩაის გასინჯავთ?” - გაღიმებულმა სახემ და ხელში პატარა სასინჯმა ჭიქამ გამოაფხიზლა ქალი წარსულზე ფიქრებიდან. უცებ ვერ მიხვდა, რითი დაიმსახურა ჩაი. “არომატების ფართო არჩევანი გვაქვს, შემობრძანდით,” - დაამატა უცნობმა. Ქალი გონს მოვიდა და ზრდილობიანად თქვა უარი შემოთავაზებაზე. ასეთ საჩუქრებს ხომ ყოველთვის მოჰყვება ფარული მიზანი.

ყურსასმენები შეისწორა და განაგრძო გზა. Ფიქრებს ვერ ერეოდა. Ალბათ ნაწილობრივ იმისი ბრალი იყო, რომ დედას საყვარელ ვივალდის “გაზაფხულს” უსმენდა დილიდან. Სხვა გზა არც იყო. როცა საყვარელი ადამიანების დაკარგვა გარდაუვალია, უნდა იპოვო თავშესაფარი. Მუსიკა იყო მისი პირადი თავშესაფარი. Ახლაც ახსოვს როგორ ეხებოდა დედას თითები შავ-თეთრ კლავიშებს. Ფანჯრიდან შემოსული სიო კი ფარდას ისე არხევდა, თითქოს აჩრდილი ამოფარებოდა. ეს ოთახი განსაკუთრებით უყვარდა მაშინ. იქ თითოს ყოველთვის უფრო კარგი ამინდი იყო, უფრო თბილოდა. Მუსიკაც ძველებური ავეჯით გაწყობილ ამ ოთახში ისმოდა. ეს ბინა იყო მისი პირადი თავშესაფარი.

ახლა, როცა ადამიანები და ქუჩები მისთვის მიუწვდომლად იქცა, მუსიკა იყო ერთადერთი თავშესაფარი. ამიტომ ტრადიციად ექცა ბრემარის 14-ში მისვლა, სადარბაზოს კიბეზე ჩამოჯდომა და დედას საყვარელი მუსიკის მოსმენა, იქამდე, სანამ სულ ცოტა ხნით მაინც არ იგრძნობდა ძველებურ სიმშვიდეს.