Wednesday, February 19, 2020

დიდი დრო გავიდა






















“ნაცნობი ქუჩების აჩრდილები მუსიკას ეფარებიან. ისინი ასე ცოცხლობენ. Ჩემი ნება რომ იყოს ყველა ქუჩას მუსიკის სახელს დავარქმევდი.”

მტვრიანი შუადღე იყო, როცა ახალგაზრდა ქალმა სადარბაზოს ხის მძიმე კარი გამოიხურა და ვიწრო ქუჩას გაუყვა. ამ ქუჩას თავისი ხელის ზედაპირივით სცნობდა. ყოველთვის იცოდა, რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ადრე თუ გვიან ისევ დაბრუნდებოდა ბრემარის 14 ნომერში. ეს მას მერეც არ დაუშლია, რაც კარზე ცნობა დახვდა, წითელი წარწერით “გასახლება”.

ყველაფერი ცხადად ახსოვდა: პატარა ლურჯი ფეხსაცმელები - თეთრ წინდებზე, ასფალტის სუნი და დედას ხელების სირბილე. Მაშინ თამაში იყო ადვილი, ხის მძიმე კარი კი - კიდევ უფრო მძიმე. დრო ისე იწელებოდა, ერთი საათით დალოდება ჯოჯოხეთში წვის ტოლად ეჩვენებოდა. Ახლა კი ცდილობს, გაიხსენოს, ბოლო 2 წელი სად დაკარგა. Ან დედას ხელები როდის გაუხდა ასეთი უხეში.

“Ჩაის გასინჯავთ?” - გაღიმებულმა სახემ და ხელში პატარა სასინჯმა ჭიქამ გამოაფხიზლა ქალი წარსულზე ფიქრებიდან. უცებ ვერ მიხვდა, რითი დაიმსახურა ჩაი. “არომატების ფართო არჩევანი გვაქვს, შემობრძანდით,” - დაამატა უცნობმა. Ქალი გონს მოვიდა და ზრდილობიანად თქვა უარი შემოთავაზებაზე. ასეთ საჩუქრებს ხომ ყოველთვის მოჰყვება ფარული მიზანი.

ყურსასმენები შეისწორა და განაგრძო გზა. Ფიქრებს ვერ ერეოდა. Ალბათ ნაწილობრივ იმისი ბრალი იყო, რომ დედას საყვარელ ვივალდის “გაზაფხულს” უსმენდა დილიდან. Სხვა გზა არც იყო. როცა საყვარელი ადამიანების დაკარგვა გარდაუვალია, უნდა იპოვო თავშესაფარი. Მუსიკა იყო მისი პირადი თავშესაფარი. Ახლაც ახსოვს როგორ ეხებოდა დედას თითები შავ-თეთრ კლავიშებს. Ფანჯრიდან შემოსული სიო კი ფარდას ისე არხევდა, თითქოს აჩრდილი ამოფარებოდა. ეს ოთახი განსაკუთრებით უყვარდა მაშინ. იქ თითოს ყოველთვის უფრო კარგი ამინდი იყო, უფრო თბილოდა. Მუსიკაც ძველებური ავეჯით გაწყობილ ამ ოთახში ისმოდა. ეს ბინა იყო მისი პირადი თავშესაფარი.

ახლა, როცა ადამიანები და ქუჩები მისთვის მიუწვდომლად იქცა, მუსიკა იყო ერთადერთი თავშესაფარი. ამიტომ ტრადიციად ექცა ბრემარის 14-ში მისვლა, სადარბაზოს კიბეზე ჩამოჯდომა და დედას საყვარელი მუსიკის მოსმენა, იქამდე, სანამ სულ ცოტა ხნით მაინც არ იგრძნობდა ძველებურ სიმშვიდეს.