Saturday, February 26, 2011
ალტერეგო – კედელი
"მიყვარხარ" ვუთხარი ჩემს თავს, როგორც შეცდომით ადრესატს.
იგივე – გაურკვევლად მომესმა და თავი ვიგრძენი აგურის კედლად, რომელიც ტირის მას მერე, რაც ააშენეს. უსამართლობაა იყო კედელი, როცა დედამიწაზე სიცოცხლეა. იყო უსულო და წითელი, ნგრევადი და შენებადი – შენი ნების გარეშე.
ძალიან ვგავართ მე და შენ ვიღაცის ოცნებას. არარეალურად შემთხვევითები ვართ და მაინც დასაშვებია ჩვენი შემთხვევა, რადგან ვიღაც ოცნებობს სწორედ ასე და არა სხვანაირად, ასე რომ ვერასოდეს იქნები სრულყოფილი ჩემ გარეშე. ორი თვალი გვაქვს და ვბრმავდებით უერთმანეთოდ.
წუხელ მეძინა სხვის ეზოში და ვხედავდი მის სიზმარს, ჩვენ შესახებ. როგორ გაგვხლიჩა და გადაგვისროლა სხვადასხვა გალაქტიკაში სიზმრის დირიჟორმა. ჩვენს თვალებს შორის გაწყდა ლენტები და სისხლის წვეთები დაეტყო მზის სისტემას. ასე დაიწყო დიდი მწუხარება, რომელსაც ვგრძნობდი ორმაგად– შენ მაგივრადაც, რადგან შენ რომელიღაც მაგნიტურმა ველმა შეგიწოვა.
არ შეგეშინდეს ! სიზმარი იყო მხოლოდ.. შენ ცოცხალი ხარ, ძველი დიდებითა და მწვანე თვალებით, რომლებიც უჩემოდ იქნებოდნენ ცისფერი. ვიღაცის ნებით, ახლა ხარ შავი ფრინველი და ცხოვრობ წარმავლობის ჯადოსნური ხეზე, რომლის ქვედა ტოტებზე ამაოდ ვცდილობ გავიკეთო ბუდე: დილით მივფრინავ მზისკენ, რომელიც ჩამავალს ჰგავს, და ვაგროვებ თეთრ სხივებს. ბედნიერი ვარ, როგორც ბავშვი – პეპლის დანახვისას. ფრთებქვეშ ამოკრული სხივებით ვბრუნდები შინ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა წარმავლობის ხეს ვუახლოვდები, სხივები, ჩემ ფრთებქვეშ, იშლებიან ცისარტყელებად.. მე არ ვნებდები.. მე მიყვარხარ.. და შენ ეს გეცოდინებოდა რომ არა უსულო კედელი – ერთადერთი, რაც მე და შენ ანუ ჩვენ შევქმნით.
კიდევ უამრავ ამბავს მოვისმენთ, ათასობით სიცოცხლეს ვპოვებთ და ვიქნებით როგორც თევზები. აკიდი და.. გალათეა. სამუდამოდ.
P.S. (post somnium) შემხვდი ოქტომბრის ტყეში, მე მოვალ შენ შემდეგ :)
Friday, February 11, 2011
hx(a+b):2
ჩემი სიტყვები ეძებენ მნიშვნელობას.
არაფრიდან ჩამოცვენილი ვარსკვლავები მიყურებდნენ კუთხეში გაბმული ციდან. მე ფანჯრები არ დავხურე, მხოლოდ ფარდები დავუშვი ოდნავ. ახლა როცა სამყარო ჩემს ოთახში მაქვს, ვწევარ და მიკვირს რომ ჭერს ტრაპეციის ფორმა აქვს. ინჟინერმა მანახა აზომვითი ნახაზი და იქ მისი დაღლილი თვალების მეტი არაფერი შემინიშნავს. მე მიყვარს ინჟინერი, რადგან მას უყვარს თავისი საქმე და ლუდი. კიდევ ნარდის თამაში უყვარს, მაშინ. როცა სამსახურიდან იმედგაცრუებული მოდის.. და ქალი, მწვანე პერანგიანი. ბოლოს 5-ის 26 წუთზე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბოლოჯერ დამაჟრიალა. იმის მერე საათი ჩემს სახელს ამბობს (უსმინე!).
ვარსკვლავი მოწყდა (!!), გაქცევას ლამობს ღრუბლებიდან. რვაფეხა მთვარემ ბგერები იგრძნო, მელოდიას საცეცები ააყოლა, ახლა გამოუდგება უკიდეგანობის ველზე საცოდავს. მე ვიღებ მაკრატელს და კალეიდოსკოპს, ვუახლოვდები მთვარეს, ხელს ვავლებ მკაცრად, ჩემკენ ვექაჩები.. სულ მეგონა ჩემზე ძლიერი იყო.. მიმაქვს.. მაგიდაზე ვდებ.. თვალებში მიყურებს და მეც ვუყურებ, თუმცა ვერ ვარჩევ სად უმთავრდება თვალები.
–გწყურია? –მეკითხება;
–მე სულ მწყურია.
–რა გასაკვირია..
ვჭრი.. ორკუთხედებს.. ოთხკუთხედებს და ექვსკუთხედებს ვჭრი და ვუყურებ რა ლამაზია, (ღმერთო ჩემო !) რა მშვენიერია დაჭრილი მთვარე ჩემს კალეიდოსკოპში!
არაფრისფრად თოვს ამაღამ. ვარსკვლავცვენაა ჩემს ოთახში. მე ისევ ვწევარ და ვხვდები რატომ აქვს ჭერს ტრაპეციის ფორმა.
Subscribe to:
Posts (Atom)