Monday, December 10, 2012

..და არს მუსიკა

hello
hello
არც არავინ იყო კარის იქით.
მხიარული ადამიანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, არავინ რჩებოდა იმაზე დიდხანს, ვიდრე ყავის გაცივებას სჭირდება. ხელისგულებივით განსხვავებულები იყვნენ ისინი, თითქოს შემოქმედს გულდასმით დაემუშავებინა თითოეულის ხასიათი და განწყობათა ლაბირინთში გამოემწყვდია მინოტავრები. ძნელი იყო ყოველი მათგანის თვისებათა დამახსოვრება, მაგრამ ვცდილობდი, რამდენადაც არ მქონდა მეტი საქმე.
ერთხელ, მომწვანო მდინარეს ჩაჩერებული, ჩემი თავის ანარეკლს წავაწყდი და შემეშინდა. ფიზიკურად სულაც არ მგავდა, პირიქით, ერთ მსგავსებასაც ვერ ნახავდი ჩვენ ორს შორის, თუ არ ჩავთვლით მისი თვალის ფერს, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა, რადგან წარმატებით მალავდა თვალებს ჩემი ანარეკლი.
ჩვენ ერთნაირად ვუყურებდით გარშემო მოძრავ საგნებს და ვცდილობდით მათ შეყვარებას, რომ შეგვყვარებოდა თავი ჩვენი.
პიტნის ჩაის რიტუალი.
მუსიკით ვაფორმებდით შთაბეჭდილებათა საღამოებს და დროს შთანთქავდა ჩვენი მუსიკა. ალბათ ესაა ბედნიერება : ვარსკვლავიან ცას ახედო და მის უსასრულობაში კი არ დაიკარგო, არამედ დაკარგულმა თავი იპოვო და შეაფარო მნათობებს.
მისი მზერა–ორი თვალის ჟრუანტელისმომგვრელად სასიამოვნო გამოხედვა, ვით სიცივისგან აკანკალებულს ცხელი წყალი ზურგზე შეგეხოს.
ადამიანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, არავინ რჩებოდა დიდხანს, ხოლო მან დრო მოკლა და დამნაშავე ხელები შემომხვია. მან გადაწყვიტა ჩემთან დარჩენა ყოველი ხერხით, თუნდაც ოქროს წვიმად მომვლინებოდა..



(..და დარჩა მუსიკად, რადგან არაფერი იყო მასში მუსიკაზე მეტი და არაფერი მჭირდებოდა მე მასზე მეტი, რადგან მუსიკა არის მოძრაობა და მოძრაობა არის სიცოცხლე.)

Wednesday, October 17, 2012

სიახლეები


ცხოვრება სირბილს დაემსგავსა.
ბლოგს აღარ კითხულობს კაჩუნიცა.

დღეები უსასრულოდ ებმის ერთმანეთს და მე დავკარგე წარსული, იმ თანამედროვე ბრაზილიური ტომის მსგავსად, აწმყო რომ დროის ერთადერთ მაჩვენებლად წარმოუდგენია,  დათვლას კი მხოლოდ ორამდე ახერხებს: ერთი, ორი, ბევრი...ეს კარგია. განა საჭიროა რაიმე მეტი?
საჭიროა.
საჭიროა სითბო მეტი, ერთმანეთის თვალებსა და ხელის გულებში ამოკითხული მეტი სითბო არის საჭირო და, მერე რა, თუ სულაც არავინ ვიცნობთ ერთმანეთს?! ჩვენ მსგავსად ვხედავთ დილის რიჟრაჟიდან საღამოს დასერილ, წითელ ცამდე ცვალებად საგნებს და ეს კმარა, რომ გულწრფელად ვიღიმოდეთ, თუნდაც ვაბნევდეთ გვერდით მსხდომთ ჩვენი სუფთა ღიმილით.
ბლოგს აღარ კითხულობს კაჩუნიცა, რადგან საჭიროა მეტი სითბო, აქ კი, მომჟავო სიმყუდროვის ბაღში ბოლო დროს ისე აცივდა, ალუბლებმა იწყეს გაუხარებლად ჭკნობა. დავრჩი უნაყოფოდ და კაჩუნიცამაც უარმყო ბერწი მწერალ–მებაღე.. არადა,  მე სულ ახლახანს დავიწე რაღაცების შემჩნევა და მცირე დეტალებით გრძნობების შენება–შესავალი კურსი ბედნიერების არქიტექტურაში. 
დღეს ისტორიები წყვილებად დაბოდიალობდნენ ჩემ გვერდით, იკავებდნენ ყველა გრძელ სკამს, ყველა კოცნისათვის ხელსაყრელ მყუდრო ადგილს და კვლავ ვეზედმეტე მათ ჩუმი მღიმარი, გამომაძევეს..და მაინც, იქ დაგიტოვე ჩემი დუმილი, რომ არ დაგავიწყდეს, როგორია იგი.
არ დაგავიწყდეს, ვერასდროს იპოვი ამის მსგავს დუმილს.
არ დაგავიწყდეს, უშენოდ ვისწავლე დუმილი.
არ დაგავიწყდე.
დღეს ბეღურას გული გადავუშალე და დავაპურე

დღეს როგორც არასდროს, მომსურვდა ძილი და..







Thursday, September 6, 2012

არქივიდან


ბგერებს ვწელავ, ვშთანთქავ, ვაბრუნებ და ასე, ჩემი სუნთქვის გამრავალმაგებით შევძლებ, შევცვალო შენი სახელი სიტყვით „მავანი“. 
გმადლობ შენ, მავანო, რომ დაბადე ჩემი უნაყოფო ცხოვრებისათვის ოცნებისფერი ფიქრი.
შემინდე, მავანო, მოიშუშე ჩემი უგუნურებით მიღებული ყველა ჭრილობა, რომ ადამისებრ პირველსახედ გადაიქცეს შენი არსება-არარაობის დროებითი სამოსი. 
და შემიყვარე, როგორც პირველად, არგათქმული გრძნობის ძალით, კვლავ შემიყვარე! არ შეიძლება აპოლაკიფსური გამოღვიძება ასე ერთარსად უგულვებელვყოთ,თითქოს ყველას შეეძლოს, იოცნებოს ლურჯ ჰორიზონტზე და თვით იგიც არ მიიჩნიოს სასრულ წერტილად. თითქოს ჩვევები, ერთმანეთს რომ ასე გადავდეთ, არ დაგვრჩენოდეს გულის ფერად კედელზე... და დამიბრუნდი ჩვენი მომჟავო სიმყუდროვის ალუბლის ბაღში, სადაც არასდროს დაგლოდებივარ საკმარისი მოთმინებით, ისევ და ისევ სიკვდილისაკენ ჩემი უცნობი მისწრაფების გამო.
რამდენი საათი აშორებს ბგერებს, ჩვენ რომ ერთამანეთისთვის წარმოვთქვით? რა სივრცეს ძალუძს, დაიტიოს შენი ბრაზის ზღვა? თუ კვლავაც არღვევს შენს სიმყუდროვეს ჩემზე სიბრაზე, განა ეს არ ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შენში ვარ მოგონებების მწარე წვეთებად? თავს ვინუგეშებ..
ამაოება მაშინ იჩენს ხოლმე თავს,როცა ბედნიერებას ფარდას ვხდი. აი, სკოლა დავამთავრე.მისაღებ გამოცდებშიც  წარმატება -ყველას შევუყვარდი..და მეც იქ ვარ, კმაყოფილების მწვერვალზე, თითქოს ასეთი რამე მართლა არსებობდეს მეტყველი ორფეხასთვის. და ფიქრებში გიხმობ: შემომხედე, როგორ გავიზარდე,რა კარგი ვარ, იქნებ დროა დამიბრუნდე?! 
და მაშინ რეალობის ეკლიანი ხმა მპასუხობს, რომ შენთვის აღარ ვფასობ, რადგან დავძველდი, თუმცა არც
იმდენად, რომ ვინტაჟის მოყვარულთათვის გავხდე სასურველი. გავცვდი და გავხუნდი უხარისხო ნაკეთობასავით. 
ეს დროებითი თვითკმაყოფილი მოხმობები, ეს წვრილმანი წარმატებები შენ არ მოგიზიდავს, მხოლოდ და მხოლოდ კვლავ დაგანახებს, თუ რა არასწორად ვცხოვრობ შენი სივრცის პარალელურად. 
ისიც მიფიქრია, ლიტერატურად ხომ არ მექცია მოგონებები შენზე . ან იქნებ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ წიგნის წერისთვის. ვაი თუ ჩემი არეული არსება გაორმაგდეს და ვიცხოვრო როგორც ბედნიერ აწმყოში, ისე შენს მკლავებში ჩაკარგულ წარსულში. ვშიშობ, რომ ცხოვრებას ფსკერზე დავასრულებ.

საგნები განაგრძობს არსებობას და ცხოვრებაც ჩემს წასაღებად მოედინება. ვაანალიზებ რა ყოველივეს, ძარღვებს მიყინავს მარად ჩემი იმიტირებული ბედნიერება.

აზრი ფურცელზე მოვათავსე და ღიმილი შემეყინა. რა ამაღელვებელი იყო აზრი, სანამ გავააშკარავებდი. (ასეთივე ამაღელვებელია ადამიანიც ხორციელ დაბადებამდე.)

Monday, May 7, 2012

5' 7



რა უჩვეულო დღე იყო, გრძნობებზე საუბრობდა ყველა. გრძნობებს ზომავდნენ  ათბალიანი სისტემით.
ბიძგი პირველი: გადადგი ნაბიჯი უკან, რომ ჩაიხედო წარსულში, როგორც მძიმე ზურგჩანთაში. თავიდან გეტკინება ყველა წითელი საღამო და შეწყვეტილი სიზმარი, თმისამაგრებივით დაკარგული მეგობრები..როცა მეხსიერება ჩვეული თვალთმაქცობით გაგრძნობინებს ბედნიერებას, შეწყვიტე ფიქრი! არაფერი ყოფილა მომავალზე უკეთესი. მოგონებები ჰგავს კალეიდოსკოპს, კალეიდოსკოპი ჰგავდა ცხოვრებას. ახლა ყველაფერი სულ ერთია. ნივთები ისე დაგიძველდა, რომ ერთი ბიძგიც და ამოგიცვივდება გონებიდან.
 ერთი ბიძგიც..
დიდი ქალაქის პატარა უბანში ცხოვრობ. ყოველდღიურობა არის მტვერი კენჭებზე, რომლებიც ტერფებს გტკენს. მწერებივით მომაბეზრებელი ადამიანების გვერდით მაინც ახერხებ, მარტოობა აიტკიო.
 ყველას უყვარხარ, როცა იღიმი, მაგრამ ყველას როდი უღიმი. ცაცია თერძის მიკერებულივით გატყვია ზოგჯერ პირი და ღიმილი ჰგონიათ მწერებს, ეტანებიან ტუჩებს, მათს სიწითლეს. ერთხელაც გადაყლაპავ ყველას და იქნებ ვერც მოინელო, მაგრამ თავგანწირვად ჩაგითვლიან ღმერთები.
ბიძგი მესამე : თუ ოდესმე შენიშნავ, რომ დეჟა ვიუში შენი სულის ნარჩენები მეორდება, გახდი ბუდისტი. ასე ადვილი არ არისო, მეტყვი, ირწმუნო ბუდა, და საერთოდ ირწმუნო რამე, მაგრამ გააადვილე. 
ნუშის გულივით თეთრი კანი, ნუშის ფორმის გამყიდველი თვალები გამოიყენე დედამიწასთან საერთო ენის გამოსაძებნად. ფინჯან ყავაზე განიხილეთ ისტორია და მიეცი ნება, მოგიყვეს თავის მერყევ ბუნებაზე, გადაუდგმელ ნაბიჯებზე. საუბრისას თუ სიმწვანემ წამოუარა, ნუ შეშინდები..მკერდზე მიეყრდენი და აღარ ისუნთქო, გაქრი.
 რა უჩვეულო დღე იყო, ფეხისწვერებზე დამდგარი, კვლავ დავეშვი.



Saturday, March 3, 2012

თავშესაფრის მაძებარ ქარებზე არავინ ზრუნავს, ქარებს შესცივდათ. ყურებიდან მიძვრებიან ყურებამდე შეყვარებულს და მთავაზობენ: "მოდი, წავიდეთ..."
მივატოვოთო საზიზღარი ქუჩები, სადგურის მარგალიტები და უფასო ტრანსპორტის ცოდვები ყვითელი ფერისა..და სიღრმეები დავიტოვოთო ჩვენი ფიქრებისა.. 
–ქაოსური სამყაროა შენ გარშემო, ჩქარი, იდუმალი..
–მე შევნიშნე თქვენს ხელებზე უშედეგო თვითმკვლელობის კვალი..
..და ფორთოხლები, როგორც ჩემი მომჟავო ეჭვები, გადაიხლიჩნენ, ნერწყვისმომგვრელად. 
–დაე, წავიდეთ!– ქარებს მივყვები. 
 ამ სამყაროში ბედნიერება მშურს პეპლებისა.

მოვლენათა ნულზე მეტობას ვითვალისწინებ, როცა მარტივად მეკითხებიან, დღეს როგორ ვარ.

უსაშველო მარტოობას ვგრძნობ..არავის ველი, საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს..

Thursday, March 1, 2012

მარტო !

ეს ჩემი ჩანაწერია, საპირველმარტო. ეს ჩემი თვეა, ერთი მეთორმეტედი. ორიათასმეთერთმეტე მარტზე მეტად ბედნიერი ვიქნები წელს, რომ არ შევიმჩნიო დანაკარგი !
 მარტისფერმა უამინდობამ დამასველა დღეს, ჩამომრეცხა მთელი ზამთარი..და ვიყავი ბედნიერი რაღაც წუთებით, როცა გამვლელთა შეწუხებული სახეები ღიმილს მგვრიდა; ცოტაც და შევიგრძნობდი ქარის შიგნითა მხარეს!!! 

 დღეს სავსე ვარ, როგორც დაუსაზღვრავი ზღვა და მიყვარხართ ადამიანები.


Friday, February 10, 2012

წყალი გაიყინა

დღეს თებერვლის მეათე დღეა, დიდი დეპრესიის დასასრულამდე დარჩა კიდევ 19 ასეთივე. ვიძინებ პრობლემებით და მესიზმრება მომავალი. ვიღვიძებ დაღლილი. ვსწავლობ და მავიწყდება, ვწუწუნებ, მრცხვენია. მენატრებიან აღარარსებულები, ჩემი ერთჯერადი მეგობრები. ყველაფერი რიგზეა..ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი მოკლე ნაბიჯები არ კმარა ცხოვრების გზის გასავლელად და ღმერთიც ისევე საჭიროა, როგორც წყალი..წყალი გაიყინა.


 



Saturday, February 4, 2012

პირველი მსოფლიო სუიციდი

 


მე ვარ ჯეკის სავსე კუჭი და მშიერი სინდისი.
აწმყოში არარსებული მომავალი ჯერ არასდროს ყოფილა ჩემთვის ასეთი ბნელი.
მე ვიპოვე გამოსავალი.
სუბიექტური
და ორაზროვანი, როგორც დაბადება.
როგორც ადამის პირველი სიტყვა და მამაკაცური სევდა.
დიდი დეპრესია არა მხოლოდ ვოლ სთრითზე.
სამგანზომილებიანი სხეულების სივრცეებში მოხეტიალე სულები.
უერთმანეთო ხელთათმანები და უშენო მე, ვერის ბაღში.
მერვე დღე,ოცდამეხუთე საათი..
ვარ იმპოტენტი მწერალი,ჩამქრალი ვულკანი, პერსპექტივა მომავლის გარეშე და დაგვიანებული ოთხშაბათი.
მე ვიპოვე გამოსავალი:
ბირთვული იარაღი, როგორც მისტიკური პორტალი
დედამიწიდან გასაქცევად, რადგან არ კმარა ხომალდები. ყველა კოსმონავტს უკან აბრუნებს ნოსტალგია, ნიუტონის კანონზე უფრო მკაცრი.

მე ვარ ჯეკის გატეხილი გული,რომელიც ვერავის კლავს.