Monday, September 12, 2011

სიზმრის შიგნითა მხარე


ბნელ ოთახში ვთამაშობდით მატარებლობანას მე და კაჩუნიცა. ჩურჩულით მივუყვებოდით ავეჯის მიხვეულ–მოხვეულებს, ტანს მოხდენილად ვარიდებდით სკამებს, ლარნაკებს. ბნელ ოთახში ანათებდა მისი თვალები, არაფრისფრობით სავსე.
ვიგრძენით, როგორ დაკარგა თამაშმა აზრი, ნელ–ნელა, ნაბიჯნაბიჯ, მატარებლის ყოველ საყვირს, რასაც რიგრიგობით ვახმოვანებდით, თანდათანობით მოაკლდა ეშხი და ბოლოს საწვავისაგან დაცლილივით შევდექით, მოგვბეზრდა. შუქი ავანთე. ამ დროს ალბათ სხვა ბავშვები ყველაფერს მე დამაბრალებდნენ, უაზრო და უხალისო რომ ვარ, ოღონდ კაჩუნიცა არა. ჩვენ გვიყვარდა ჩვენი თამაში და იგი ისევე ადვილად იძენდა აზრს, როგორც ჰკარგავდა მას.
 "ხვალ აღარ მოხვალ?"–მითხრა მოულოდნელად და ფეხებგადაჯვარედინებული უხეშად დაეხეთქა იატაკს. შევამჩნიე, რაღაცას შეეწუხებინა მისი ბავშვური გონება. "სიცივის სუნს ისევ გრძნობ ?"– ბუნებრივად შევცვალე თემა. ჰოო, მოკლედ მიპასუხა, რაც ნიშნავდა რომ მისი ჟინიანი თვალები არ შეწყვეტდნენ ჩემზე ზეწოლას, მისი კითხვები არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ–ის ბავშვია. შუბლზე ტუჩები მივადე, ასე დედა ამოწმებდა ხოლმე, სიცხე ხომ არ მქონდა. მისი ცივი შუბლის შეხებისას სისხლი ერთობ ამემღვრა, მინდოდა მოვხვეოდი, რატომ არის ასეთი ცივი ?! მოვეხვიე კიდეც, ოღონდ რაღაც უგემურად. კაჩუნიცასთან ჩახუტება ყოველთვის უგემური იყო, თითქმის ვერ ვგრძნობდი.
 "მე ვიცი თამაში" – ჩამჩურჩულა პატარა პირიდან გამოწურული სიტყვები და სწრაფად გამისხლტა ხელიდან. კარადასთან მივიდა, სარკე ჩამოიღო, უემოციოდ შეხედა, თითქოს ზამთრის თეთრ სიცარიელეს გახედაო ფანჯრიდან, შემდეგ კარადა გამოაღო, რაღაცას ეძებდა. ერთი წუთით თვალი მოვაცილე და მაგიდას მივაშტერდი. ზამბახებიანი  ლარნაკი შემოედგა ვიღაცას მაგიდაზე და ახლაღა მივხვდი, მთელი დღის განმავლობაში  საიდან მცემდა ნაცნობი სუნი. ოთახის ურიგო განათების გამო ზამბახები უჩვეულოდ გამოიყურებოდა: ალაგ–ალაგ შავად დალაქული წითელი ყვავილი უჩანდა, იქნებ ყაყაჩოც გგონებოდათ, მე კი კარგი ყნოსვა მაქვს.
კაჩუნიცამ მოირბინა და შემთხვევით ხელზე დამადგა მარცხენა ფეხი, მე კი არც მტკენია და არც შევიმჩნიე, მინდოდა არასოდეს ეგრძნო თავი დამნაშავედ. ცალ ხელში სამკუთხედის ფორმის მუყაოს ნაჭერი ეჭირა, მეორეში – სარკე. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა, ფიგურა გამომიწოდა და მითხრა – აბა, თქვი, ეს რა ფიგურაა?  – სწორედ ისე, როგორც მე ვასწავლიდი ხოლმე– და დაკვირვებით შემომხედა. მე ცოტა დავფიქრდი და, ჩემი აზით, სწორად ვუპასუხე, სამკუთხედი–მეთქი. მან გადაიკისკისა, ოჰ, როგორ მიყვარს ეს გოგონა და მისი სიცილი ! მერე კი დამაჯერებლად გამომიცხადა, არა, არაა სამკუთხედი, ოთხკუთხედიაო. ბავშვივით მომივიდა გული, ეს ლაწირაკი რას მასწავლის–მეთქი, თან ვიცოდი, ბოლოს მაინც დამიმტკიცებდა თავისას, ამიტომ სიდინჯეს ვუხმე და ჩემს მაესტროს მივმართე : "შეგიძლია კუთხეები დაითვალო?"– შემიძლიაო, ხალისიანად მომიგო, შემდეგ საიდანღაც ის ოხერი სარკე გამოაძრო. ამდენ ხანს ალბათ ზედ იჯდა. ფიგურა სარკესთან მიიტანა, ფუძით მიაყრდნო  და მიღმა გახედა, დათვლა დაიწყო. სარკის ანარეკლმა კაჩუნიცას სასწაული მიჩვენა და მეც ღიმილი ვერ შევიკავე – ოთხკუთხედი იყო! წამით ყველა გრძნობა ერთად მომაწვა, თითქოს გული ორად გამეყო და შუაში თბილმა წყარომ დაიწყო დენა. ჩემ თვალწინ უცნაური არსება შეკეცილ მუხლებზე დასკუპებულიყო და ჭაობისფერი თვალებიდან ბედნიერებას გამოსცემდა, თუმცა მის ღიმილიდაწვეთებულ ნაკვთებს ქურდულად ეპარებოდა უწინდელი სევდა და კაჩუნიცამ კვლავ მკითხა, ხვალ აღარ მოხვალო ? მოვალ–მეთქი, უემოციოდ ვუპასუხე, მაგრამ ძლიერ ვცდილობდი ჩემი ხმისთვის სითბო შემენარჩუნებინა.
–არ მოხვალ..– აგრძელებდა კაჩუნიცა და სახე სულ უფრო უუშნოვდებოდა.–დედა ამბობს, რომ შენ არ არსებობ, და თუ არ არსებობ, მაშინ მე არ მინდა შენთან თამაში. მაგრამ დედა შტერია! მან თქვა, რომ ეს სამკუთხედია..–ისევ ის ფიგურა მაჩვენა.ძალიან ძნელი იყო ახლა მისი მზერის ატანა, მით უფრო მისთვის რამის თქმა და მით უფრო შეწინააღმდეგება.ან რა მეთქვა, როცა თავადაც ხშირად მებადებოდა მისი კითხვები.
წამოვდექი. წამოდგომამდე ვფიქრობდი შუბლზე მეკოცნა კაჩუნიცასთვის, მაგრამ გადავიფიქრე. ფიგურა გამოვართვი და გულში ვთქვი : "შენ, ჩემო, შენ ხარ ჩემი სულის სარკე! მოვალ, როგორ არ მოვალ(!!!),რადგან მე ვარსებობ შენით, შენთვის, როგორც ეს ოთხკუთხედი."
კარისაკენ წავედი, თაროზე დალაგებული, ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი წიგნების თორმეტტომეულს თითი გავაყოლე და მესიამოვნა, ვემშვიდობებოდი. გავედი, სინათლე ავანთე და ჩაცმას შევუდექი. გიჟივით რეკავდა ტელეფონი, ჩემს გასაღვიძებლად.

No comments:

Post a Comment