Thursday, September 6, 2012

არქივიდან


ბგერებს ვწელავ, ვშთანთქავ, ვაბრუნებ და ასე, ჩემი სუნთქვის გამრავალმაგებით შევძლებ, შევცვალო შენი სახელი სიტყვით „მავანი“. 
გმადლობ შენ, მავანო, რომ დაბადე ჩემი უნაყოფო ცხოვრებისათვის ოცნებისფერი ფიქრი.
შემინდე, მავანო, მოიშუშე ჩემი უგუნურებით მიღებული ყველა ჭრილობა, რომ ადამისებრ პირველსახედ გადაიქცეს შენი არსება-არარაობის დროებითი სამოსი. 
და შემიყვარე, როგორც პირველად, არგათქმული გრძნობის ძალით, კვლავ შემიყვარე! არ შეიძლება აპოლაკიფსური გამოღვიძება ასე ერთარსად უგულვებელვყოთ,თითქოს ყველას შეეძლოს, იოცნებოს ლურჯ ჰორიზონტზე და თვით იგიც არ მიიჩნიოს სასრულ წერტილად. თითქოს ჩვევები, ერთმანეთს რომ ასე გადავდეთ, არ დაგვრჩენოდეს გულის ფერად კედელზე... და დამიბრუნდი ჩვენი მომჟავო სიმყუდროვის ალუბლის ბაღში, სადაც არასდროს დაგლოდებივარ საკმარისი მოთმინებით, ისევ და ისევ სიკვდილისაკენ ჩემი უცნობი მისწრაფების გამო.
რამდენი საათი აშორებს ბგერებს, ჩვენ რომ ერთამანეთისთვის წარმოვთქვით? რა სივრცეს ძალუძს, დაიტიოს შენი ბრაზის ზღვა? თუ კვლავაც არღვევს შენს სიმყუდროვეს ჩემზე სიბრაზე, განა ეს არ ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შენში ვარ მოგონებების მწარე წვეთებად? თავს ვინუგეშებ..
ამაოება მაშინ იჩენს ხოლმე თავს,როცა ბედნიერებას ფარდას ვხდი. აი, სკოლა დავამთავრე.მისაღებ გამოცდებშიც  წარმატება -ყველას შევუყვარდი..და მეც იქ ვარ, კმაყოფილების მწვერვალზე, თითქოს ასეთი რამე მართლა არსებობდეს მეტყველი ორფეხასთვის. და ფიქრებში გიხმობ: შემომხედე, როგორ გავიზარდე,რა კარგი ვარ, იქნებ დროა დამიბრუნდე?! 
და მაშინ რეალობის ეკლიანი ხმა მპასუხობს, რომ შენთვის აღარ ვფასობ, რადგან დავძველდი, თუმცა არც
იმდენად, რომ ვინტაჟის მოყვარულთათვის გავხდე სასურველი. გავცვდი და გავხუნდი უხარისხო ნაკეთობასავით. 
ეს დროებითი თვითკმაყოფილი მოხმობები, ეს წვრილმანი წარმატებები შენ არ მოგიზიდავს, მხოლოდ და მხოლოდ კვლავ დაგანახებს, თუ რა არასწორად ვცხოვრობ შენი სივრცის პარალელურად. 
ისიც მიფიქრია, ლიტერატურად ხომ არ მექცია მოგონებები შენზე . ან იქნებ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ წიგნის წერისთვის. ვაი თუ ჩემი არეული არსება გაორმაგდეს და ვიცხოვრო როგორც ბედნიერ აწმყოში, ისე შენს მკლავებში ჩაკარგულ წარსულში. ვშიშობ, რომ ცხოვრებას ფსკერზე დავასრულებ.

საგნები განაგრძობს არსებობას და ცხოვრებაც ჩემს წასაღებად მოედინება. ვაანალიზებ რა ყოველივეს, ძარღვებს მიყინავს მარად ჩემი იმიტირებული ბედნიერება.

აზრი ფურცელზე მოვათავსე და ღიმილი შემეყინა. რა ამაღელვებელი იყო აზრი, სანამ გავააშკარავებდი. (ასეთივე ამაღელვებელია ადამიანიც ხორციელ დაბადებამდე.)

No comments:

Post a Comment