ივნისის პოსტი ?
"ივნისი– ყველაზე მწვანე და ცხელი.." ~ უცნობი მგზავრი
დღეს, 21 ივნისს მზე კირჩხიბს ესტუმრა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგული მეგობრების მოძებნისა და შეწყვეტილი ისტორიების ამოქექვის დროა, პლანეტათაშორისი მონატრების დღესასწაული!
წიგნები გადმოვალაგე. გამხმარი ყვავილების სურნელით გაივსო ხის სახლი. თითო წიგნში ერთი ყვავილი მაინც დამხვდა და თავისი ისტორია გადმომიშალა. ვარდები საუკეთესოდ ინარჩუნებს სუნსა და მოგონებას. ზამბახებს კი წიგნის ფურცლები შეუღებავს. ყაყაჩოების მეტამორფოზა – სულ სხვა, უცნობ მცენარედ გადაქცეულა, მაგრამ ზღვის სუნი მაინც შეუნახავს. ვუყურებ მათ და გონისმიერი თვალით მივიწყებულ კადრებს ვათვალიერებ, წარსული მთელი სიცხადით მიბრუნდება..და როცა კინოსეანსს ვასრულებ, სავსე ვარ მრავალჯერადი გრძნობებით, რომელთა უკვდავყოფა შევძელი.
რაღაცები სულ იცვლება ჩემში და გარშემო. ოცნებები უფერულდება, იდეალები თავს იკლავენ. ყველაზე მყარი აზრიც კი, რაც ჩამომყალიბებია– უარვყავი.. მაგრამ არიან ადამიანები, ისეთი ძლიერი ხასიათითა და ერთგულებით, რომ ვერასოდეს ამოიგდებ თავიდან. რა ტკივილიც არ უნდა მოჰქონდეს მათზე ფიქრს, ვერ მოეშვები.
ის კილომეტრების იქით ცხოვრობს, ახალი რეალობით, მოკრძალებული სამსახურით, სასიამოვნო სანაცნობო წრით. საღამოებს ხელოვანების გარემოცვაში – მყუდრო ბარში ან მეგობრის სახლში ატარებს. ცოტა გაიზარდა, თმა მოკლედ შეიჭრა და უფრო აკადემიურად იცვამს, როგორც ახალ სამსახურს შეეფერება. მან ცხოვრება ისწავლა და თავისუფლებაზე წარმოდგენა შეიცვალა, ნაკლებს ოცნებობს და მეტს აღწევს. წარსულს მოეშვა..თუმცა დღეს მას სტიქიის ძალით შემოაწვა მონატრება, რადგან ოცდაერთია და მზე კირჩხიბს ესტუმრა.. ახლა იგი ჩემსავით ფიქრობს. ყველაფერი თავდაყირა აქვს. ისტერიკულად ებღაუჭება ჩავლილ წყალს და ხელთ სიცარიელე რჩება.. თანაგრძნობა მიპყრობს. სიზმრად მივდივარ მომჟავო სიმყუდროვის ალუბლის ბაღში, სადაც მის სევდიან სახეს უნდა შევხედო. ხის სკამზე ვსხედვართ გვერდიგვერდ და ის ტირის, რადგან არაფერი შეცვლილა და ეს მართლაც აუტანლად სევდიანია! უცებ ისმის წყვეტილი ბგერები, თუმცა იოლად ვარჩევთ სიტყვებს. ჩვენ ვიცით ეს მელოდია:
"I remember it well, the first time when I saw your head around the door, cause mine stopped working."
ბაღში ზაფხულის ქარი უბერავს.
არაფერი შეცვლილა.
..და მაინც, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვგრძნობთ. მხოლოდ აბსტრაქტული დეტალების გაცოცხლების უნარი შემოგვრჩა.
დასანანია.
No comments:
Post a Comment