Tuesday, August 20, 2013

სხვა ამბები


ოდესმე რომ მექნება ყოველდღიური მომაბეზრებელი სამსხური და ბევრი, ბევრი პასუხისმგებლობა,თუმცა არც იმდენი, რომ საღამოობით დაღლილი სხეულის რეაბიიტაციისთვის ალკოჰოლს არ მივმართო, მარტო დარჩნილს საუკეთესოდ გამიგებს ჩარლი.. ეს ერთხელ ჩემს ძვირფას მეტაფიზიკურ მეგობარს ვუთხრი და, არც გამკვირვებია, ისეთი მზერა რომ მომაპყრო, თითქოს რაღაც დიდ უხამსობაში დავეჭირე.მერე კი ორივე, მეც დ ჩარლიც, ლიტერატურული ენით დაგვამცირა. ოდესმე ყველა ასეთი მზერით მიმაცილებს სახლამდე. იქ კი ჩემი მარტოობა დამხვდება და მერე დაველოდებით ჩარლის, რომელიც აუცილებლად მოვა, იმიტომ, რომ საღამოობით ჩვენ ძალიან დაგვჭირდება მთელი დღის საძაგელი შთაბეჭდილებების გონებიდან როგორმე ჩამორეცხვა და იმიტომ, რომ ზოგჯერ შეუძებელია საკუთარი სულის არსებობის, როგორც ლურჯი ჩიტის ჭიკჭიკის, ატანა. ეს შეუძლებლობაც აუტანელია, თავისთავად.. „ადამიანად ყოფნის შეუძლებლობა.“ აუცილებლად დაგვჭირდება ბევრი სასმელი და ფეხარეული მუზა..და მაღალი შენობები საფრენად. 

მაპატიე, რომ ხშირად არ მადარდებს ეგვიპტე და სირია. და გმირები.ლიბერალები და ანარქისტები.და ერთსქესიანთა ქორწინებები და აბორტის ჰუმანურ-რელიგიური გაგებები.

Sunday, August 18, 2013

უკუთვალი




-არასოდეს მინახავს ასეთი მშვიდი..
-საწყალი..
-ვფიქრობ..იქნებ ასე უკეთესია.
-ენა როგორ გიბრუნდებათ!
მეჩვენება, რომ მიცვალებული ადგა და გავიდა. მეჩვენება რომ მიცვალებული თავის ადგილს, როგორც არტისტი -სცენას, დაუბრუნდა.
მკაცრი პროფილი აქვს, მართლა არასდროს მინახავს ასეთი მშვიდი.და არც თვალდახუჭული მინახავს აქამდე.თვალდახუჭული ადამიანი საკუთარ სულს უყურებს.იქნებ ამიტომაც..
თუმცა რამდენადმე ვიცნობდი მის თვალებს.უფრო კი საგნების მისეულ ხედვას. და მათი ასახვის ხერხებს ჩალისფერ ქაღალდზე სამოცგრადუსიანი შტრიხებით.
მეჩვენება რომ ეს ხალხი სულ გადაირია.
ქუჩაში გავდივარ. ქუჩა ცარიელია. გაჩერებული საათების ქუჩაზე სიჩუმე ყურებში მიწუის..ჯიხურთან ფეხშიშველი ბავშვი დგას, ჭიქიდან წყალს ღვრის.(სადღაც უკვე ვნახე ეს)
ერთიანად სხეული დამეღალა..მეჩვენება რომ უკან მივრბივარ.სახეებითა და მზერებით გადაჭედილ ოთახში, სადაც სუნთქვა ჭირს არანაკლებ, ვიდრე ცარიელ ქუჩაში, შემიძლია დავწვე და დავიძინო. ჩემს თავზეც იბუტბუტონ სახარების სტრიქონები..
მეჩვენება, რომ მისი სიახლოვე მაშინებს..არასოდეს მინახავს ასეთი ცივი..ლეთარგია.სიმშვიდე..
ხალხი მართლა გადაირია.

Saturday, August 10, 2013

For now

„პაწია პეპელა მიხურული მინის კარებს უაზროდ მიაწყდა და აფარფატდა. ჩემი სული გამახსენდა, შენი სული გამახსენდა, და ავტირდი“ ჟაკლინ სირაძე

 ყოველწლიური საზაფხულო არდადეგები ჩემი ცხოვრების ისეთივე სტანდარტული მუდმივაა, როგორიც, ვთქვათ,მათემატიკური პი ან მუსიკლური ნოტი. სწავლის დასასრულის მოლოდინი, ჩანთებში წიგნების, რვეულების, გრილი და თბილი პერანგების ჩალაგება და გრძელ გზაზე დადგომა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, შავი ფერის ავტომობილით, ცხრა საათის სავალ მანძილზე. კეთილი მგზავრობის აუცილებელი დეტალები ხარისხიანი ყურსასმენი, წინა დღით საგულდაგულოდ შედგენილი ფლეილისტი, ცივი ყავა და მზის სათვალეა. ხოლო ის, რასაც ეს მგზავრობა ჩემს გონებაში იწვევს ნამდვილი ჯადოქრობაა და ყოველ ჯერზე ათასი სიახლით მავსებს. საკმარისია გავცდე ურბანულ ერთფეროვნებას და უცხო, მწვანე პეიზაჟში გადავეშვა, უსაზღვრო თავისუფლების გრძნობა მეუფლება და თავბრუს მახვევს წარმოსახვიდან შემოჭრილი ფიქრები. ფეხებშემოკეცილი ვზივარ მანქანის სავარძელზე და ფანჯრიდან ვაკვირდები მუსიკის ფონზე სურათების დინამიკას, რომლებიც ზოგჯერ ისე გავს სეზანის პეიზაჟებს, რომ ქართული ბუნებით შთაგონებული ხატვდაო, გაფიქრებინებს. 
მეჩვენება, რომ ყველა იმ ფილოსოფიურ კითხვას, რომელსაც მთელი წელი ცხოვრების რიტმის მიღმა ვტოვებ, ამ მგზავრობისთვის ვინახავ-ხოლმე. დროის დინება წრედ მესახება. ეს წრეა, ყოველ წელს რომ გადაკარგულ სოფელში მივყავარ, სადაც ისეთი სიჩუმეა, არსებობაში დაგაეჭვებს..
 ახლა კი, ზაფხულის ვარსკვლავიან ღამეს ფანჯრიდან ზურგზე გადაწოლილი ვუყურებ ზეცას, როგორც მომავალს, კოსმოსთან შეერთების დაუოკებელი სურვილით. დროის წრეს გარღვევის საფრთხე დაემუქრა და ჩემი სულის ყველა ნაწილი დამფრთხალი ცხოველივით ებრძვის სიახლეს. ოდესმე ყველფერი იცვლება, სულ ყველაფერი..და აღარასდროს განმეორდება ყოფის აუტანელი სიმსუბუქით სავსე ეს ღამე. აღარც ყოველწლიური მგზავრობები, არც სიჩუმე და არც ბალახის სუნი იქნება იგივე. პირველყოფილი შიში მიპყრობს თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გონების ლაბირინთში დაკარგული ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია სივრცული ცვლილებები?