„პაწია პეპელა მიხურული მინის კარებს უაზროდ მიაწყდა და აფარფატდა. ჩემი სული გამახსენდა, შენი სული გამახსენდა, და ავტირდი“ ჟაკლინ სირაძე
ყოველწლიური საზაფხულო არდადეგები ჩემი ცხოვრების ისეთივე სტანდარტული მუდმივაა, როგორიც, ვთქვათ,მათემატიკური პი ან მუსიკლური ნოტი. სწავლის დასასრულის მოლოდინი, ჩანთებში წიგნების, რვეულების, გრილი და თბილი პერანგების ჩალაგება და გრძელ გზაზე დადგომა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, შავი ფერის ავტომობილით, ცხრა საათის სავალ მანძილზე. კეთილი მგზავრობის აუცილებელი დეტალები ხარისხიანი ყურსასმენი, წინა დღით საგულდაგულოდ შედგენილი ფლეილისტი, ცივი ყავა და მზის სათვალეა. ხოლო ის, რასაც ეს მგზავრობა ჩემს გონებაში იწვევს ნამდვილი ჯადოქრობაა და ყოველ ჯერზე ათასი სიახლით მავსებს. საკმარისია გავცდე ურბანულ ერთფეროვნებას და უცხო, მწვანე პეიზაჟში გადავეშვა, უსაზღვრო თავისუფლების გრძნობა მეუფლება და თავბრუს მახვევს წარმოსახვიდან შემოჭრილი ფიქრები.
ფეხებშემოკეცილი ვზივარ მანქანის სავარძელზე და ფანჯრიდან ვაკვირდები მუსიკის ფონზე სურათების დინამიკას, რომლებიც ზოგჯერ ისე გავს სეზანის პეიზაჟებს, რომ ქართული ბუნებით შთაგონებული ხატვდაო, გაფიქრებინებს.
მეჩვენება, რომ ყველა იმ ფილოსოფიურ კითხვას, რომელსაც მთელი წელი ცხოვრების რიტმის მიღმა ვტოვებ, ამ მგზავრობისთვის ვინახავ-ხოლმე.
დროის დინება წრედ მესახება. ეს წრეა, ყოველ წელს რომ გადაკარგულ სოფელში მივყავარ, სადაც ისეთი სიჩუმეა, არსებობაში დაგაეჭვებს..
ახლა კი, ზაფხულის ვარსკვლავიან ღამეს ფანჯრიდან ზურგზე გადაწოლილი ვუყურებ ზეცას, როგორც მომავალს, კოსმოსთან შეერთების დაუოკებელი სურვილით.
დროის წრეს გარღვევის საფრთხე დაემუქრა და ჩემი სულის ყველა ნაწილი დამფრთხალი ცხოველივით ებრძვის სიახლეს. ოდესმე ყველფერი იცვლება, სულ ყველაფერი..და აღარასდროს განმეორდება ყოფის აუტანელი სიმსუბუქით სავსე ეს ღამე. აღარც ყოველწლიური მგზავრობები, არც სიჩუმე და არც ბალახის სუნი იქნება იგივე.
პირველყოფილი შიში მიპყრობს თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გონების ლაბირინთში დაკარგული ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია სივრცული ცვლილებები?
No comments:
Post a Comment