ამბობენ, საკმარისია, ადამიანთან რამდენიმე საინტერესო საათი გაატარო, რომ მისი აჩრდილი დიდი ხნით გადაიკიდო. აი ასე, დადიხარ შემდეგ ქუჩებში, ელაპარაკები არარსებულ თანამგზავრებს (როგორც ხშირად შეგინიშნავს უადრესატოდ მოსაუბრე მოხუცები და გიფიქრია, რომ რთულმა ცხოვრებამ ფსიქიკა დაუზიანა) და ღიმილს გგვრის მათი აზროვნების მანერა, ანუ როგორც მათ ალაპარაკებ. გადის დრო და ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის შესანიშნავი წარმოდგენა დადგი, სრულყოფილი პერსონაჟები შეიქმენი და ერთი სიტყვით, არაფერი გიშლის ხელს, აბსოლუტურ სიყალბეში იცხოვრო. ასე გაცილებით უსაფრთხოა ურთიერთობა. ვერავინ გაგაკვირვებს. ვერც მოგატყუებს ან იმედს გაგიცრუებს.ამ ილუზიური სოციუმის ღმერთი ხარ და ამასთან მარტოობაც უმტკივნეულოდ ამოივსე.
თუ ცხოვრება ნამდვილად ჩვენი წარმოსახვის ქმნილებაა..თუ იცოცხლო, ნიშნავს დაუსრულებელი შესაძლებოლობების გარემოში იარსებო და ასევე, თუ ყოველთვის შეიძლება სხვებისა და საკუთარი თავის გარდაქმნა, მაშინ არაფერია ნეგატიური პირადი რეალობის გამოგონებაში.
მაგრამ არსებობს რეალობა, რომელშიც შენი პერსონაჟები იბადებიან, სადაც მათ ესკიზებს აკეთებ მომავალი პორტრეტებისთვის. ე.წ. ობიექტური რეალობა, რომელიც შენი ნებისაგან დამოუკიდებელია. აქ შენი პერსონაჟები ისეთივე მოღალატეები, პირფერები, "გადამგდებები", ბოროტები, ეგოისტები, სულელები და, ერთი სიტყვით, ადამიანები არიან, როგორიც თავად ხარ. შენი კრისტალური დადგმისაგან განსხვავებით, ისინი ცუდი თვისებებითაც შედგებიან. ხშირად თავს მსხვერპლად გაჩვენებენ და შველას გთხოვენ, გაგებასა და დახმარებას ელიან და მოითხოვენ კიდეც, იყო მეგობარი, მსმენელი, მესია. სინამდვილის ყოველი წამი სევდიანია.. უყურებდე, როგორ უშვენებ შეცდომებს, იკარგებიან, იტანჯებიან, კლავენ და კვდებიან შენი თეთრი პერსონაჟები. სევდიანია იმისი გაანალიზებაც, რამდენად არ ესმით მათ შენი ენა.
თუ არსებობს ოქროს შუალედი, ის ნამდვილად დათმობასა და თავგანწირვაზე გაივლის. გასცემდე იმისთვის, რომ სხვამ მიიღოს და არა–დაგიბრუნოს. გიყვარდეს, რომ გიყვარდეს, თუნდაც არ უყვარდე, არავის უყვარდე..
შეუძლებლობა..
ამიტომაც მიდიხარ..არც ისე შორს, არამედ გვერდით ანუ პარალელურად. ამიტომაც წარმოიდგენ და ქმნი..რა მოხდებოდა, შენში და მათში შავი ლაქები წაგეშალა?!
გეცხოვრა სინანულისა და ნოსტალგიის გარეშე, გეცხოვრა აქ და ახლა, ისტორიისა და ტყუილების გარეშე. რა მოხდებოდა, მეგობრების თვალებში დემონები გამქრალიყვნენ და მათში ჩახედვის აღარ შეგშინებოდა..
–დახუჭავდი თვალებს და დილის მზეს მიფიცხებულ სახეზე ღიმილი შეგეპარებოდა პატარა ადამიანური მომენტების გახსენებისას. საყვარელი ხმის ტემბრის ან ორი პატარა თვალის წარმოდგენისას.და ეს წარმოდგენა არის უსასრულობის ეკრანი. ასე შეიცნობდი სამყაროთა მთლიანობას და ჭეშმარიტი აზრით ბედნიერებას...
No comments:
Post a Comment