Tuesday, December 10, 2013

მეგობრები



     სტუმრებს ველით დილიდან. ბევრი და ხმაურიანი ადამიანი მოიყრის თავს სამი საათისთვის და რადგან სარდაფში დამალვა ვერ მიშველის, მთელი გულით მსურს, მათ სტუმრობას რაიმე გარეშე მიზეზმა შეუშალოს ხელი. საგზაო ინციდენტები, ნათესავის უეცარი თვითმკვლელობა და მსგავსი ფსევდოტრაგედიები ხომ ყოველდღიურია. ისინი (სტუმრები) პოზიტიური და მეგობრულები არიან, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებენ ჩემს გაცნობას. ჩემი მხრივ, არც ვეხმარები.
    
     სანამ სახლში სიწყნარეა და სარდაფშიც არავინ მიშლის ხელს,მე ვფიქრობ ჩემს დაკეტილ სახლზე, მტვრიან თაროებზე და ოთახის გამხმარ ყვავილებზე. ყვავილების სევდაზე დიასახლისის მოგონებისას. მე ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე. ჩემს მეგობრებს სძინავთ და არ ფიქრობენ ჩემზე, ამიტომ ველოდები, როდის გაიღვიძებენ. ასე ვათენებ დღეებსა და ღამეებს მოლოდინით და მათზე ფიქრით ეჭვის ჭიებს ვაპურებ. როცა ჩემს მეგობრებს სძინავთ, უკეთ გამომდის თვითანალიზი. ასე დავუმეგობრდი ჩემს ალტერ ეგოს და ვაპატიე ყველა სისუსტე. ყოველთვის ვცდილობდით, ერთმანეთთან კამათით სიმართლე გვეპოვნა და სხვებშიც მსგავს ურთიერთწინააღმდეგობას ვაფასებდით. მაგრამ პლატონი ამბობს რომ ადამიანი მაშინაა სრულყოფილი როდესაც მისი სული და გონება ჰარმონიულად თანაარსებობენ. მე არ ვეძებ სრულყოფილებას და არც პლატონს ვემეგობრები, მაგრამ საკუთარი სისუსტეების აღიარება და მათთან ერთად ცხოვრების გაგრძელება, რთულ სიტუაციებში თვითდახმარების გაწევა ნამდვილად სწორი მეჩვენება.გამომდინარე აქედან, აღარ ვნანობ არაფერს, რაც გამიკეთებია და თამამად ვირგებ ყოველდღიურობის უსაფრთხო ნიღაბს. აღარ მაღიზიანებს თვით ნიღბის კონცეფციაც. იგი იმდენად საჭიროა, რამდენადაც თავად კომუნიკაცია. სიყალბე ყოველდღიური ურთიერთობების უმთავრესი ნაწილია.

         სანამ სტუმრები მოვლენ, შოპენს ვრთავ და დროში ვმოგზაურობ : შვიდი წლის ვარ. ბიჭმა, რომელიც მეზიზღება, იცის, რა შემიძლია, როცა ვბრაზდები. თითქოს არაფერი, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ დაგინახავს რეალურს- სახიფათოა. ეს რომ ვიფიქრე, სულელი ბიჭი აივნიდან გადავაგდე..

       შვიდის ვარ და ფეხები მტკივა კლასობანასგან, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ - ორ კვადრატში დავიდე ბინა! ..და თან ისეთი დაღლილი.. ჩამავალი მზე ქუთუთოებზე გვაწვება, ნიავისაგან გვბურძგლავს და ერთმანეთის კანს ვაკვირდებით. თითქოს ისევ შვიდის ვარ და ჩემი დაღლილი მეგობრები სახლში წავიდნენ..და სევდას მას შემდეგ იგივე გემო აქვს. ისევ მესიზმრება, რომ სამყაროს მეორე მხრიდან ტყუპისცალი გადმომწვდება და სულის ხელებით მეხვევა, როცა მეგობრები დასაძინებლად მიდიან. ის ჩურჩულებს :"მე ვარ..მე ვარ..მე ვარ.." და სიტყვები კენჭებივით იძირებიან სხეულთან ერთად. 
       მუსიკა წყდება.  ყრუ ტკივლით ვფხიზლდები და ახალი მოგონება მიცავს. მზიანი დღის, ნათელი ფერების მოგონება.ლექციებს ვაცდენთ და ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობთ - არტისტერიუმია.  ბნელ დარბაზში პროჟექტორის სინათლე გვჭრის თვალს და სკამებისკენ ხელისცეცებით მივიკვლევთ გზას. უცნობი ადგილს მითმობს, მოგვიანებით დიდხანს ვაკვირდები მის პროფილს. ("ვარ მე შენ?") დიდ ეკრანზე შავ-თეთრი ომია. შავ-თეთრი სისხლის ტრაგედიას ვერაფრით აღვიქვამ. ტელეფონი რეკავს. ინფორმაცია: 3 დღე დამრჩა სამშობლოში. 3 დღე..72 საათი.და დრო ვერაგულად გადის.

      ახლა, როცა ყველაფერი ღირებული წარსულში მეგულება, პატარა ნივთები ახალი ოთახის თაროებზე შემოვაწყე და გონების თვალით ცხოვრებას ვათვალიერებ, დღემდე რომ ჯიუტად გრძელდება და მეხსიერებაში მხოლოდ წარსული ფორმით ინახება. ამას ვერ ვუშველი. მე  არ  ვარსებობ  აქ  და  ახლა. ისევე, როგორც სამყარო ჩემ გარშემო ილუზიაა სანამ გონებაში ფაქტად არ აღიბეჭდება. სიკვდილი კი სხვა არაფერია, თუ არა ამნეზია - არსებულის არარსებობა..

კარზე ზარია. წყეული სტუმრები.







No comments:

Post a Comment