"ალბათ ცხოვრობს ის ვინც ცხოვრობს და არა ჩემსავით დეიდრიმინგს ეწევა"
მკვდარი გრძნობების თვე მოდის.
სუსხის, შეგუებული მარტოობის, სიმშვიდის, ნესტიანი თვალების და საბნად ლურჯი ტალღების გადაფარების.
მონატრების.
ფანჯრებს მიღმა თეთრი არაფრობა ქუთუთოებს დაგიმძიმებს, თითქოს ძილი არასოდეს ყოფილა ასეთი ახლობელი.
სინამდვილეში კი, რაც გკლავს და გაუძლურებს, არც სიცივეა და უმზეობა, არც გაუგებარი ქარები, შენს თმებს რომ მოსვენებას არ აძლევს. სინამდვილე ისაა, გონებაში რაც გიტრიალებს და გაყინული სხეულის გავლით შენს მეობას აშიშვლებს. სინამდვილეა, რომ თებერვალში იფიტები, იცლები, გარდაიცვლები და ემზადები ახალი დასაწყისისთვის. თებერვალში ყოველთვის კარგავ ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს, ხშირად - შეგნებულად.
სამი წლის წინ ალბათ დიდი დანაკლისის ასანაზღაურებლად გაჩნდა ბედლამი. დღეს კი ვკითხულობ და ვერცერთ სიტყვას ვეღარ ვცნობ, ვერცერთ გრძნობას ვერ ვიხსენებ. სტრიქონებიდან სრულიად უცნობი ადამიანები მიყურებენ. ჩემი ისტორიიდან შეუმჩნევლად გაფანტულები, ისინი, ვინც თურმე გონებას მიმძიმებდნენ და წერას მაიძულებდნენ. ისინი ახლა დიდი გოგოები და ბიჭები არიან, სერიოზულები, უცხოები, გაყინული თვალებით, უემოციო გამვლელები.
თებერვალში ალბათ ისევ დავიწყებ წერას. მაგრამ აწმყო იმდენად განსხვავებულია, იმდენად რეალ(ისტ)ური და მკვეთრი, რომ ძველ ჩანაწერებს ვერასოდეს გადაებმება. ჩემი ბლოგი აღარ მეკუთვნის. ჩემი მთლიანობაც ასე დაიშალა ეკლექტიკური ერთობის თავიდან ასაცილებლად. ალბათ ვეღარასდროს დავუბრუნდები დეიდრიმინგს, უბრალოდ საბნად თბილ ტალღებს გადავიფარებ და ნამდვილად დავიძინებ.
No comments:
Post a Comment