Tuesday, December 27, 2011

კოკისპირული გრძნობით



    ამ ამაღლებული მუსიკის ფონზე მე მინდოდა რამე განსაკუთრებული დამეწერა, მაგრამ სიტყვები დამაკლდა, ამიტომ ვწერ, რასაც ყოველთვის. ახლა სულ ერთია რამდენ დღეში მთავრდება ჩემი მშვენიერი წელი და რას ფიქრობს მასზე საქართველოს პირველი ოპტიმისტი პირი. (გამორთეთ ყუთი!!!) ახლა მახარებს ჩემი იდუმალი სიმშვიდე, რომელიც ცხოვრებამ მომიტანა, სიყვარულის ულევობის განცდა და ნატკენი წლების დავიწყება. მახარებს ჩემი ძველი მეგობარი, მისი შავი სამოსი და უზომო რწმენა ყოველი მომავალი წუთისა. ვუწოდებ ჩემს თავს შურიანს და არ დავმცირდები, რადგან შური იგი, მისდამი განცდილი, არის ღვთაებრივი...არა, ამაზე მოგვიანებით მოგიყვები, რადგან ამღვრეული გრძნობები უშნოდ აჩნდება ქაღალდს.
   ჰოდა, გავივლი–მეთქი, მშვიდად და რიტმულად ამ უცნაური სამყაროს თითქოს დაგეგმილ მარშრუტს...ასდფქწერ...რატომ ასე, და არა ანბანისებურად?! ასდფქწერტყუი...ტყუიო.. ჰო, ვტყუი, ოღონდ, განა მართლა, კლავიატურა ამბობს ასე. მხოლოდ სიზმრებში ვარ მიუნჰაუზენივით მატყუარა, რადგან ასეთი მოვწონვარ სიცხიან ბავშვებს, რომლებსაც დედები ჩემს ზღაპარს აყოლებინებენ ასკილის წვენსა და ტემპერატურისაგან გაუგემურებულ ფუნთუშებს.
    ...მაპატიე, სულ ასე მემართება, უადგილოდ მეჭრებიან ბავშვობის მოგონებები და მისხვაფერებენ მთავარ სათქმელს. ალბათ, ამისი ბრალია, ჯერაც რომ ვერავინ გაიგო, რა მინდა დედამიწაზე. მეც  ვეჭვობ ხოლმე, იცი, მეც ხშირად ვფიქრობ ჩემს დანიშნულებაზე და უკიდურესობათა შორის სწორხაზოვნად გავლა, როგორც ყოველთვის, მიჭირს. იცი, მე ან უმნიშვნელო ვარ, ან შეცდომა, ან უმნიშვნელო შეცდომა,ყოველ შემთხვევაში, უნდა გამოვსწორდე, ან იქ წავიდე, სადაც საჭირო ვარ. 

Кин-дза-дза! 


   ...მაგრამ, ამ უცნაურ ფიქრებს ახლა გვერდით გადავდებ და ვიტყვი მთავარს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რისთვისაც ვმადლობ ჩემებს, საყვარლებსა და თბილებს, პატარებსა და მნიშვნელოვნებს, უჯრედებს ჩემი ცხოვრებისა. მიყვარხართ <3

Friday, November 25, 2011

დაღვრემილი განწყობით..


ვინატრე, მქონოდა დანა და საკმარისი ძალა, მაგრამ, უცებ, ყველაფერი გაზოგადდა. C'est la vie – უნდა გავუძლო.
ამ ეტაპზე ყოველივე იმდენად ცუდადაა, რომ უარესად ვეღარ იქნება და ეს მახარებს. დაე, იყვიროს ჩემმა ჯალათმა! მაინც ვერ შეძლებს მაქციოს თავისზე უბედურად, რადგან ჩემი თრთოლვით მოგვრილი შვება მას არ ეღირსება. 
ადამიანებს გირჩევთ, აღარასოდეს დათესოთ სიკეთე, თუ ერთხელ მაინც გინანიათ ეს, რადგან ამ ჭრელი ქალაქის ყოველ მუქ ფერში იმალება პირუტყვი, ჰარამზადა, რომელიც გაგიხმობთ ნათესებს და დანაკლისს დაგიტოვებთ.
ბავშვობაში მრავლად ვიცოდი პატარ–პატარა ჯადოქრობები, მათ შორის, ცრემლების შეკავების უბრალო ხერხი, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო :

  •  გააანალიზე, რომ სულაც არ გეტირება.
  • მაგრად მოკუმე პირი.
ცოტა კიდევ რომ გავიზრდებით, ჯადოქრობას რაიმე ისეთი სიტყვით შევცვლით, ჩვენს ინტელექტზე რომ მიანიშნებს,თითქოს..ალხა კი ვზივარ, თითქმის სუნთქვაშეკრული. ჩემი შეკავბული ცრემლების არარსებული ადრესატი ჯიქურად მიყურებს, მეზიზღება.
სიცივე მწყურია, როგორც არასდროს და, დასწყევლოს ქვესკნელის ცხრავე დემონმა, მაინცდამაინც ახლა ცხელა ასე..
ვიცი, გიყვარვარ, ამის მკითხველო, მაგრამ ნუ მიწყენ, რომ თავს მარტო ვგრძნობ შენთან, რომ მე მეტი მინდა, რადგან ეს სიმართლეა და ისიც, რომ არასოდეს ვიქნები კმაყოფილი. გაუმაძღრობით მომდის,რომ საკუთარი თავიც არ მყოფნის ხშირად. მეც მიყვარხარ, შენ მეტი არავინ მინდა, მხოლოდ შენზე მეტი..ის კი დავკარგე, დამაკარგვინეს.

p.s. როცა პირველად გპირდებიან, რომ არასოდეს გაქრებიან, მაშინ პირველად ხედავენ გაქრობის საფრთხეს, თუმცა ბგერები ყველაფერს ინახავს..



Monday, September 12, 2011

სიზმრის შიგნითა მხარე


ბნელ ოთახში ვთამაშობდით მატარებლობანას მე და კაჩუნიცა. ჩურჩულით მივუყვებოდით ავეჯის მიხვეულ–მოხვეულებს, ტანს მოხდენილად ვარიდებდით სკამებს, ლარნაკებს. ბნელ ოთახში ანათებდა მისი თვალები, არაფრისფრობით სავსე.
ვიგრძენით, როგორ დაკარგა თამაშმა აზრი, ნელ–ნელა, ნაბიჯნაბიჯ, მატარებლის ყოველ საყვირს, რასაც რიგრიგობით ვახმოვანებდით, თანდათანობით მოაკლდა ეშხი და ბოლოს საწვავისაგან დაცლილივით შევდექით, მოგვბეზრდა. შუქი ავანთე. ამ დროს ალბათ სხვა ბავშვები ყველაფერს მე დამაბრალებდნენ, უაზრო და უხალისო რომ ვარ, ოღონდ კაჩუნიცა არა. ჩვენ გვიყვარდა ჩვენი თამაში და იგი ისევე ადვილად იძენდა აზრს, როგორც ჰკარგავდა მას.
 "ხვალ აღარ მოხვალ?"–მითხრა მოულოდნელად და ფეხებგადაჯვარედინებული უხეშად დაეხეთქა იატაკს. შევამჩნიე, რაღაცას შეეწუხებინა მისი ბავშვური გონება. "სიცივის სუნს ისევ გრძნობ ?"– ბუნებრივად შევცვალე თემა. ჰოო, მოკლედ მიპასუხა, რაც ნიშნავდა რომ მისი ჟინიანი თვალები არ შეწყვეტდნენ ჩემზე ზეწოლას, მისი კითხვები არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ–ის ბავშვია. შუბლზე ტუჩები მივადე, ასე დედა ამოწმებდა ხოლმე, სიცხე ხომ არ მქონდა. მისი ცივი შუბლის შეხებისას სისხლი ერთობ ამემღვრა, მინდოდა მოვხვეოდი, რატომ არის ასეთი ცივი ?! მოვეხვიე კიდეც, ოღონდ რაღაც უგემურად. კაჩუნიცასთან ჩახუტება ყოველთვის უგემური იყო, თითქმის ვერ ვგრძნობდი.
 "მე ვიცი თამაში" – ჩამჩურჩულა პატარა პირიდან გამოწურული სიტყვები და სწრაფად გამისხლტა ხელიდან. კარადასთან მივიდა, სარკე ჩამოიღო, უემოციოდ შეხედა, თითქოს ზამთრის თეთრ სიცარიელეს გახედაო ფანჯრიდან, შემდეგ კარადა გამოაღო, რაღაცას ეძებდა. ერთი წუთით თვალი მოვაცილე და მაგიდას მივაშტერდი. ზამბახებიანი  ლარნაკი შემოედგა ვიღაცას მაგიდაზე და ახლაღა მივხვდი, მთელი დღის განმავლობაში  საიდან მცემდა ნაცნობი სუნი. ოთახის ურიგო განათების გამო ზამბახები უჩვეულოდ გამოიყურებოდა: ალაგ–ალაგ შავად დალაქული წითელი ყვავილი უჩანდა, იქნებ ყაყაჩოც გგონებოდათ, მე კი კარგი ყნოსვა მაქვს.
კაჩუნიცამ მოირბინა და შემთხვევით ხელზე დამადგა მარცხენა ფეხი, მე კი არც მტკენია და არც შევიმჩნიე, მინდოდა არასოდეს ეგრძნო თავი დამნაშავედ. ცალ ხელში სამკუთხედის ფორმის მუყაოს ნაჭერი ეჭირა, მეორეში – სარკე. ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა, ფიგურა გამომიწოდა და მითხრა – აბა, თქვი, ეს რა ფიგურაა?  – სწორედ ისე, როგორც მე ვასწავლიდი ხოლმე– და დაკვირვებით შემომხედა. მე ცოტა დავფიქრდი და, ჩემი აზით, სწორად ვუპასუხე, სამკუთხედი–მეთქი. მან გადაიკისკისა, ოჰ, როგორ მიყვარს ეს გოგონა და მისი სიცილი ! მერე კი დამაჯერებლად გამომიცხადა, არა, არაა სამკუთხედი, ოთხკუთხედიაო. ბავშვივით მომივიდა გული, ეს ლაწირაკი რას მასწავლის–მეთქი, თან ვიცოდი, ბოლოს მაინც დამიმტკიცებდა თავისას, ამიტომ სიდინჯეს ვუხმე და ჩემს მაესტროს მივმართე : "შეგიძლია კუთხეები დაითვალო?"– შემიძლიაო, ხალისიანად მომიგო, შემდეგ საიდანღაც ის ოხერი სარკე გამოაძრო. ამდენ ხანს ალბათ ზედ იჯდა. ფიგურა სარკესთან მიიტანა, ფუძით მიაყრდნო  და მიღმა გახედა, დათვლა დაიწყო. სარკის ანარეკლმა კაჩუნიცას სასწაული მიჩვენა და მეც ღიმილი ვერ შევიკავე – ოთხკუთხედი იყო! წამით ყველა გრძნობა ერთად მომაწვა, თითქოს გული ორად გამეყო და შუაში თბილმა წყარომ დაიწყო დენა. ჩემ თვალწინ უცნაური არსება შეკეცილ მუხლებზე დასკუპებულიყო და ჭაობისფერი თვალებიდან ბედნიერებას გამოსცემდა, თუმცა მის ღიმილიდაწვეთებულ ნაკვთებს ქურდულად ეპარებოდა უწინდელი სევდა და კაჩუნიცამ კვლავ მკითხა, ხვალ აღარ მოხვალო ? მოვალ–მეთქი, უემოციოდ ვუპასუხე, მაგრამ ძლიერ ვცდილობდი ჩემი ხმისთვის სითბო შემენარჩუნებინა.
–არ მოხვალ..– აგრძელებდა კაჩუნიცა და სახე სულ უფრო უუშნოვდებოდა.–დედა ამბობს, რომ შენ არ არსებობ, და თუ არ არსებობ, მაშინ მე არ მინდა შენთან თამაში. მაგრამ დედა შტერია! მან თქვა, რომ ეს სამკუთხედია..–ისევ ის ფიგურა მაჩვენა.ძალიან ძნელი იყო ახლა მისი მზერის ატანა, მით უფრო მისთვის რამის თქმა და მით უფრო შეწინააღმდეგება.ან რა მეთქვა, როცა თავადაც ხშირად მებადებოდა მისი კითხვები.
წამოვდექი. წამოდგომამდე ვფიქრობდი შუბლზე მეკოცნა კაჩუნიცასთვის, მაგრამ გადავიფიქრე. ფიგურა გამოვართვი და გულში ვთქვი : "შენ, ჩემო, შენ ხარ ჩემი სულის სარკე! მოვალ, როგორ არ მოვალ(!!!),რადგან მე ვარსებობ შენით, შენთვის, როგორც ეს ოთხკუთხედი."
კარისაკენ წავედი, თაროზე დალაგებული, ერთმანეთზე მჭიდროდ მიწყობილი წიგნების თორმეტტომეულს თითი გავაყოლე და მესიამოვნა, ვემშვიდობებოდი. გავედი, სინათლე ავანთე და ჩაცმას შევუდექი. გიჟივით რეკავდა ტელეფონი, ჩემს გასაღვიძებლად.

Saturday, April 30, 2011

ჩემს თავს და არა მხოლოდ


ჩემი სხეული ვეღარ იტევს საკუთარ სულს. სად ხარ მეგობარო?! მინდა სული გაგიყო. და თუ ყველა ცოცხალი არსება, დედამიწაზე, მარტო იღუპება – სანამ დავიღუპებოდე, "შემომიერთდი".
აღმაფრენასა და ვარდნას შორის მოქცეულია დედაჩვენი–მიწა, მაგრამ ბოლომდე ვერ აგიხსნი, რატომაა ყველაფერი ფარდობითი. მაგალითად მე თვალებს სხვებზე იშვიათად ვახამხამებ და ამას ვერ მივხვდებოდი სხვების ქმედებასთან რომ არ შემედარებინა.ვიღაცას მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე ის, (ხ)ან პირიქით. ღამით უფრო ბნელა ვიდრე საღამოს და კიდევ რამდენი რამის თქმა შემიძლია ასე, თუმცა მათ შორის საინტერესო ისაა, რისი შედარებისას, ვერ გადაწყვეტ, რა არის უკეთესი. 
ბავშვობაში მონეტის ის მხარე მომწონდა, რომელზედაც მისი ფასი არ ეწერა, ახლა აღარ ვიცი რომლით მეტად ფასობს იგი. აი ყველაზე საინტერესო ისაა, რაც ცხოველურებაზე და მატერიალურ ფასეულობებზე მნიშვნელოვანია, თუმცა თვითონვეა ზემოაღნისნულის სათავე. სიცოცხლეზე მიგითითებ. მას ყველაზე ხშირად სიკვდილს ადარებენ, როგორც მის მეორე მხარეს, თუმცა დაფიქრდი, ესმით კი მათ რომელიმეს მნიშვნელობა? იქნებ სიცოცხლე დროებითი სიკვდილია, სიკვდილი–დროებითი სიცოცხლე, ან იქნებ ქვიშის საათს ჰგავს ეს პროცესი?! ან რა საჭიროა მთელი ეს მეტაფიზიკა, მაინც უმუხრუჭოდ მივექანებით ჩვენ, ცოცხლები მისკენ და ის, სიკვდილი – ჩვენკენ, შეჯახების წერტილში ალბათ ვერაფერს ვიგრძნობთ, სხვები კი იგრძნობენ რაღაცას ჩვენ მიმართ, თუმცა ეს უკვე სხვა ფიქრებია, უადგილოდ შემოჭრილები. 
 აი მე გეკითხები შენ : რომელი გირჩევნია – სიცოცხლე თუ სიკვდილი ? შენ მპასუხობ იმას რაც გეადვილება, კითხვას ვერ იგებ! კიდევ დაფიქრდი, მიდი, გადაწმინდე გონების თაროებს შესქელებული მტვერი. მიდი, დამეხმარე ! ჩვენი ბედი წყდება დღეს და არ მინდა მართლა მარტო დავიღუპო, უსამართლობა იქნება ასე.. იცი, ეგ ცრემლები ტყუილი ცრემლებია, სულ არ გეტირება, უბრალოდ იცი, რომ ამ დროს ტირიან.უბრალოდ ბაძავ ადამიანებს და ბუნებრივობის მთელი ნიჭიერებით იტყუები ვიღაცის წინაშე. ოღონდ ერთი რამ გეშლება. უნაკლო ნიჭი, ეგ შენი, ჩემთან გღალატობს მხოლოდ, რადგან მე სულაც არ ვარ ვიღაცა.
მაინც მიყვარხარ, მეგობარო. შენ სიღრმეებში ჩამიხედავს და იმიტომ. ყველაფერი რაც გიტაცებს, შიგნიდან მოდის, შენთვის ამოუცნობიდან. აი ის ციფრებიც, ასე, ჭკუიდან გადასულივით რომ ამოიჩემე, მე უფრო მომწონს ვიდრე შენ. ამიტომაც ვრჩები შენში და ვცდილობ გაგახელინო რბილი ქუთუთოებით ამოვსებული თვალები, რომ მოგიყვე ყველაფერს, შენ შესახებ. ჰოდა შემომხედე! მოიცილე სახიდან ძილის იარები, შენი თვალების დანახვა მჭირდება, სანამ გიამბობდე..შემომხედე! ხომ უნდა ვიცოდე მართლა გესმის თუ არა. ნეიტრალურო. როგორც უმოქმედო ვულკანი, ისე არ იმსახურებ შენ შენს სახელს.
არაუშავს. ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავ, შეიცვლები და გახდები უფრო შენ. მინიმუმამდე დაეცემა შენი თავდაჯერებულობა და გათავისუფლდები. შიშები გაგიქრება და ბევრი რამ გახდება შენში კონკრეტული. მთავარია გადაწყვიტო და მიპასუხო. თუ სიცოცხლეს აირჩევ – მის დაცვას გპირდები, სიკვდილის შემთხვევაში, ვიზრუნებ, რომ შენი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულ თარიღებს შორის, არ დაწერონ დეფისი.


Wednesday, March 16, 2011

ცუდი ბავშვები



  
... 
ცუდი ბავშვები ქვებს მესვრიან შიგ სახეში.. ცუდები! არ ღირდა მათთვის ჩემი სიზმრების ჩამორიგება. ისეთი საცოდავი ვარ, თვალს ვირიდებ,  მეუხერხულება. ვგრძნობ სამყარო ზედმეტს მოითხოვს ჩემ(ნაირის)გან, ვერ გადავიტან.

მინდა გავიწელო, როგორც მოლოდინი, მოგწვდე და მოგეხვიო. ჩემმა კანკალმა აგიტანოს, გავინაწილოთ. სამწუხაროა, რომ "მინდა" არ ყოფნის მშიერ რეალობას, მე კი დავიღალე მისი დაპურებით. აღარ მინდა..

 ვცხოვრობ სახლში, ქათმის ფეხებზე – ჰო, მე ვარ ეგ, ალქაჯად შენიღბული. ჩემი სახლი ტყუილის ფეხებზე დგას და არ აქვს კარი, მხოლოდ ფანჯარა. განა არ ვიცი, მეც ცუდი ვარ, როგორც ლურჯი ბავშვები, დილაობით რომ უკაწრავენ ტყუილს ფეხებს და მერე მამასთან ჩივიან, დამტვრეული ფრჩხილების გამო. მეც ცუდი ვარ–მეთქი, თვითონ ვაშენებ სახლის საყრდენს, თან რა მონდომებით. საღამოობით ვერთობი კედელზე გაკრული ჩრდილებით, რომლებიც ცეკვავენ და შავ კონტურებში მალავენ მთელ მათ რეალურ სიმახინჯეს. მერე მბეზრდება. მერე მუსიკა, ლოცვები და ისევ სიზმრის მისამართზე ვაგზავნი წერილს.

ხვალ რომ გათენდება, სამყარო კვლავ ალუბლებივით დამეკიდება ყურებზე, გამალამაზებს და დამამძიმებს. მოვძებნი ძალას ავიტანო მრავალთვალები, ბრაზიანი ბავშვების გალურჯებული მამა და ტყუილი, რომელიც არ ამართლებს არცერთ ანდაზას.. უგრძელდება, უსასრულოდ, ფეხები.

Friday, March 11, 2011

Fool


  ჯიჯკ, კოლ, ოჰჯზFე, წეზგდ გეჰს... ვბეჭდავ მუსიკას :)

Saturday, February 26, 2011

ალტერეგო – კედელი



"მიყვარხარ" ვუთხარი ჩემს თავს, როგორც შეცდომით ადრესატს.

იგივე – გაურკვევლად მომესმა და თავი ვიგრძენი აგურის კედლად, რომელიც ტირის მას მერე, რაც ააშენეს. უსამართლობაა იყო კედელი, როცა დედამიწაზე სიცოცხლეა. იყო უსულო და წითელი, ნგრევადი და შენებადი – შენი ნების გარეშე.

ძალიან ვგავართ მე და შენ ვიღაცის ოცნებას. არარეალურად შემთხვევითები ვართ და მაინც დასაშვებია ჩვენი შემთხვევა, რადგან ვიღაც ოცნებობს სწორედ ასე და არა სხვანაირად, ასე რომ ვერასოდეს იქნები სრულყოფილი ჩემ გარეშე. ორი თვალი გვაქვს და ვბრმავდებით უერთმანეთოდ.

წუხელ მეძინა სხვის ეზოში და ვხედავდი მის სიზმარს, ჩვენ შესახებ. როგორ გაგვხლიჩა და გადაგვისროლა სხვადასხვა გალაქტიკაში სიზმრის დირიჟორმა. ჩვენს თვალებს შორის გაწყდა ლენტები და სისხლის წვეთები დაეტყო მზის სისტემას. ასე დაიწყო დიდი მწუხარება, რომელსაც ვგრძნობდი ორმაგად– შენ მაგივრადაც, რადგან შენ რომელიღაც მაგნიტურმა ველმა შეგიწოვა.

არ შეგეშინდეს ! სიზმარი იყო მხოლოდ.. შენ ცოცხალი ხარ, ძველი დიდებითა და მწვანე თვალებით, რომლებიც უჩემოდ იქნებოდნენ ცისფერი. ვიღაცის ნებით, ახლა ხარ შავი ფრინველი და ცხოვრობ წარმავლობის ჯადოსნური ხეზე, რომლის ქვედა ტოტებზე ამაოდ ვცდილობ გავიკეთო ბუდე: დილით მივფრინავ მზისკენ, რომელიც ჩამავალს ჰგავს, და ვაგროვებ თეთრ სხივებს. ბედნიერი ვარ, როგორც ბავშვი – პეპლის დანახვისას. ფრთებქვეშ ამოკრული სხივებით ვბრუნდები შინ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა წარმავლობის ხეს ვუახლოვდები, სხივები, ჩემ ფრთებქვეშ, იშლებიან ცისარტყელებად.. მე არ ვნებდები.. მე მიყვარხარ.. და შენ ეს გეცოდინებოდა რომ არა უსულო კედელი – ერთადერთი, რაც მე და შენ ანუ ჩვენ შევქმნით.

კიდევ უამრავ ამბავს მოვისმენთ, ათასობით სიცოცხლეს ვპოვებთ და ვიქნებით როგორც თევზები. აკიდი და.. გალათეა. სამუდამოდ.

P.S. (post somnium) შემხვდი ოქტომბრის ტყეში, მე მოვალ შენ შემდეგ :)

Friday, February 11, 2011

hx(a+b):2


                                                 ჩემი სიტყვები ეძებენ მნიშვნელობას.
არაფრიდან ჩამოცვენილი ვარსკვლავები მიყურებდნენ კუთხეში გაბმული ციდან. მე ფანჯრები არ დავხურე, მხოლოდ ფარდები დავუშვი ოდნავ. ახლა როცა სამყარო ჩემს ოთახში მაქვს,  ვწევარ და მიკვირს რომ ჭერს ტრაპეციის ფორმა აქვს.  ინჟინერმა მანახა აზომვითი ნახაზი და იქ მისი დაღლილი თვალების მეტი არაფერი შემინიშნავს. მე მიყვარს ინჟინერი, რადგან მას უყვარს თავისი საქმე და ლუდი. კიდევ ნარდის თამაში უყვარს, მაშინ. როცა სამსახურიდან იმედგაცრუებული მოდის.. და ქალი, მწვანე პერანგიანი. ბოლოს 5-ის 26 წუთზე ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბოლოჯერ დამაჟრიალა. იმის მერე საათი ჩემს სახელს ამბობს (უსმინე!).


ვარსკვლავი მოწყდა (!!), გაქცევას ლამობს ღრუბლებიდან. რვაფეხა მთვარემ ბგერები იგრძნო, მელოდიას საცეცები ააყოლა, ახლა გამოუდგება უკიდეგანობის ველზე საცოდავს. მე ვიღებ მაკრატელს და კალეიდოსკოპს, ვუახლოვდები მთვარეს, ხელს ვავლებ მკაცრად, ჩემკენ ვექაჩები.. სულ მეგონა ჩემზე ძლიერი იყო.. მიმაქვს.. მაგიდაზე ვდებ.. თვალებში მიყურებს და მეც ვუყურებ, თუმცა ვერ ვარჩევ სად უმთავრდება თვალები.

–გწყურია? –მეკითხება;
–მე სულ მწყურია.
–რა გასაკვირია..

 ვჭრი.. ორკუთხედებს.. ოთხკუთხედებს და ექვსკუთხედებს ვჭრი და ვუყურებ რა ლამაზია, (ღმერთო ჩემო !)  რა მშვენიერია დაჭრილი მთვარე ჩემს კალეიდოსკოპში!

არაფრისფრად თოვს ამაღამ. ვარსკვლავცვენაა ჩემს ოთახში. მე ისევ ვწევარ და ვხვდები რატომ აქვს ჭერს ტრაპეციის ფორმა.