Tuesday, December 10, 2013

მეგობრები



     სტუმრებს ველით დილიდან. ბევრი და ხმაურიანი ადამიანი მოიყრის თავს სამი საათისთვის და რადგან სარდაფში დამალვა ვერ მიშველის, მთელი გულით მსურს, მათ სტუმრობას რაიმე გარეშე მიზეზმა შეუშალოს ხელი. საგზაო ინციდენტები, ნათესავის უეცარი თვითმკვლელობა და მსგავსი ფსევდოტრაგედიები ხომ ყოველდღიურია. ისინი (სტუმრები) პოზიტიური და მეგობრულები არიან, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებენ ჩემს გაცნობას. ჩემი მხრივ, არც ვეხმარები.
    
     სანამ სახლში სიწყნარეა და სარდაფშიც არავინ მიშლის ხელს,მე ვფიქრობ ჩემს დაკეტილ სახლზე, მტვრიან თაროებზე და ოთახის გამხმარ ყვავილებზე. ყვავილების სევდაზე დიასახლისის მოგონებისას. მე ვფიქრობ ჩემს მეგობრებზე. ჩემს მეგობრებს სძინავთ და არ ფიქრობენ ჩემზე, ამიტომ ველოდები, როდის გაიღვიძებენ. ასე ვათენებ დღეებსა და ღამეებს მოლოდინით და მათზე ფიქრით ეჭვის ჭიებს ვაპურებ. როცა ჩემს მეგობრებს სძინავთ, უკეთ გამომდის თვითანალიზი. ასე დავუმეგობრდი ჩემს ალტერ ეგოს და ვაპატიე ყველა სისუსტე. ყოველთვის ვცდილობდით, ერთმანეთთან კამათით სიმართლე გვეპოვნა და სხვებშიც მსგავს ურთიერთწინააღმდეგობას ვაფასებდით. მაგრამ პლატონი ამბობს რომ ადამიანი მაშინაა სრულყოფილი როდესაც მისი სული და გონება ჰარმონიულად თანაარსებობენ. მე არ ვეძებ სრულყოფილებას და არც პლატონს ვემეგობრები, მაგრამ საკუთარი სისუსტეების აღიარება და მათთან ერთად ცხოვრების გაგრძელება, რთულ სიტუაციებში თვითდახმარების გაწევა ნამდვილად სწორი მეჩვენება.გამომდინარე აქედან, აღარ ვნანობ არაფერს, რაც გამიკეთებია და თამამად ვირგებ ყოველდღიურობის უსაფრთხო ნიღაბს. აღარ მაღიზიანებს თვით ნიღბის კონცეფციაც. იგი იმდენად საჭიროა, რამდენადაც თავად კომუნიკაცია. სიყალბე ყოველდღიური ურთიერთობების უმთავრესი ნაწილია.

         სანამ სტუმრები მოვლენ, შოპენს ვრთავ და დროში ვმოგზაურობ : შვიდი წლის ვარ. ბიჭმა, რომელიც მეზიზღება, იცის, რა შემიძლია, როცა ვბრაზდები. თითქოს არაფერი, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ დაგინახავს რეალურს- სახიფათოა. ეს რომ ვიფიქრე, სულელი ბიჭი აივნიდან გადავაგდე..

       შვიდის ვარ და ფეხები მტკივა კლასობანასგან, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ - ორ კვადრატში დავიდე ბინა! ..და თან ისეთი დაღლილი.. ჩამავალი მზე ქუთუთოებზე გვაწვება, ნიავისაგან გვბურძგლავს და ერთმანეთის კანს ვაკვირდებით. თითქოს ისევ შვიდის ვარ და ჩემი დაღლილი მეგობრები სახლში წავიდნენ..და სევდას მას შემდეგ იგივე გემო აქვს. ისევ მესიზმრება, რომ სამყაროს მეორე მხრიდან ტყუპისცალი გადმომწვდება და სულის ხელებით მეხვევა, როცა მეგობრები დასაძინებლად მიდიან. ის ჩურჩულებს :"მე ვარ..მე ვარ..მე ვარ.." და სიტყვები კენჭებივით იძირებიან სხეულთან ერთად. 
       მუსიკა წყდება.  ყრუ ტკივლით ვფხიზლდები და ახალი მოგონება მიცავს. მზიანი დღის, ნათელი ფერების მოგონება.ლექციებს ვაცდენთ და ყვითელი ავტობუსით ვმგზავრობთ - არტისტერიუმია.  ბნელ დარბაზში პროჟექტორის სინათლე გვჭრის თვალს და სკამებისკენ ხელისცეცებით მივიკვლევთ გზას. უცნობი ადგილს მითმობს, მოგვიანებით დიდხანს ვაკვირდები მის პროფილს. ("ვარ მე შენ?") დიდ ეკრანზე შავ-თეთრი ომია. შავ-თეთრი სისხლის ტრაგედიას ვერაფრით აღვიქვამ. ტელეფონი რეკავს. ინფორმაცია: 3 დღე დამრჩა სამშობლოში. 3 დღე..72 საათი.და დრო ვერაგულად გადის.

      ახლა, როცა ყველაფერი ღირებული წარსულში მეგულება, პატარა ნივთები ახალი ოთახის თაროებზე შემოვაწყე და გონების თვალით ცხოვრებას ვათვალიერებ, დღემდე რომ ჯიუტად გრძელდება და მეხსიერებაში მხოლოდ წარსული ფორმით ინახება. ამას ვერ ვუშველი. მე  არ  ვარსებობ  აქ  და  ახლა. ისევე, როგორც სამყარო ჩემ გარშემო ილუზიაა სანამ გონებაში ფაქტად არ აღიბეჭდება. სიკვდილი კი სხვა არაფერია, თუ არა ამნეზია - არსებულის არარსებობა..

კარზე ზარია. წყეული სტუმრები.







Tuesday, October 8, 2013

ხელები

შენი ხელები გაბედულად და მოურიდებლად მოძრაობენ.
შენი ჟესტები..
შენი ხელები აკურატულად შლიან ფურცლებს, ხელსახოცებს, გულებს, ფრთებს, დაუდევრად შეკრულ თმებს, ჩემს თმებს.
საათები ჯოჯოხეთში შენ გვერდით, შენ მხარდამხარ მეადვილება.. მსურს კიდეც..
ისევ შევიშალე?
რა მარტივია ადამიანით აღფრთოვანება.
ჩვენ ერთმანეთით აღვფრთოვანდით და დავფრინავთ..მაგრამ მე უფრო.. მე უფრო მაღლა... მე უფრო ძლიერი ფრინველი ვარ. შენ უფრო ძლიერი ადამიანი ხარ.
გიჟების ორი კატეგორიაა. შენ იქნებოდი მეორე– დასაბმელი. მომწონს. შეგიძლია ყველაფერი გაანადგურო რაც გიყვარს და რაც ვერ შეიყვარე.
..მაგრამ რა მშიშარა ხარ ზოგჯერ, როცა მარტოობას გადაეყრები. შენი ხელები როგორ იხევენ უკან.. თრთიან და იმალებიან ჯინსის ჯიბეებში, სირაქლემები. მინდა ჩემს ხელებში მოვიმწყვდიო შენი ხელები და დაგპირდე რამე საიმედოს..
მინდა, თვალებზე ავიფარო შენი ხელები და არეული შეგრძნებებით გელაპარაკო. ეშმაკსაც წაუღია ლოგიკა და ქრონოლოგია! ყველაფერს ერთმანეთში ვურევ, მაგრამ ჭეშმარიტად გგრძნობ და მიყვარხარ (!).

 შენი სიცოცხლისა და ბედის ხაზები ხელის გულებზე,როგორც გამოცდილ მკითხავს, მაშინებს.

Sunday, September 22, 2013

როგორ დავდივართ..

   ამბობენ, საკმარისია, ადამიანთან რამდენიმე საინტერესო საათი გაატარო, რომ მისი აჩრდილი დიდი ხნით გადაიკიდო. აი ასე, დადიხარ შემდეგ ქუჩებში, ელაპარაკები არარსებულ თანამგზავრებს (როგორც ხშირად შეგინიშნავს უადრესატოდ მოსაუბრე მოხუცები და გიფიქრია, რომ რთულმა ცხოვრებამ ფსიქიკა დაუზიანა) და ღიმილს გგვრის მათი აზროვნების მანერა, ანუ როგორც მათ ალაპარაკებ. გადის დრო და ხვდები, რომ საკუთარი თავისთვის შესანიშნავი წარმოდგენა დადგი, სრულყოფილი პერსონაჟები შეიქმენი და ერთი სიტყვით, არაფერი გიშლის ხელს, აბსოლუტურ სიყალბეში იცხოვრო. ასე გაცილებით უსაფრთხოა ურთიერთობა. ვერავინ გაგაკვირვებს. ვერც მოგატყუებს ან იმედს გაგიცრუებს.ამ ილუზიური სოციუმის ღმერთი ხარ და ამასთან მარტოობაც უმტკივნეულოდ ამოივსე.

   თუ ცხოვრება ნამდვილად ჩვენი წარმოსახვის ქმნილებაა..თუ იცოცხლო, ნიშნავს დაუსრულებელი შესაძლებოლობების გარემოში იარსებო და ასევე, თუ ყოველთვის შეიძლება სხვებისა და საკუთარი თავის გარდაქმნა, მაშინ არაფერია ნეგატიური პირადი რეალობის გამოგონებაში.

   მაგრამ არსებობს რეალობა, რომელშიც შენი პერსონაჟები იბადებიან, სადაც მათ ესკიზებს აკეთებ მომავალი პორტრეტებისთვის. ე.წ. ობიექტური რეალობა, რომელიც შენი ნებისაგან დამოუკიდებელია. აქ შენი პერსონაჟები ისეთივე მოღალატეები, პირფერები, "გადამგდებები", ბოროტები, ეგოისტები, სულელები და, ერთი სიტყვით, ადამიანები არიან, როგორიც თავად ხარ. შენი კრისტალური დადგმისაგან განსხვავებით, ისინი ცუდი თვისებებითაც შედგებიან. ხშირად თავს მსხვერპლად გაჩვენებენ და შველას გთხოვენ, გაგებასა და დახმარებას ელიან და მოითხოვენ კიდეც, იყო მეგობარი, მსმენელი, მესია. სინამდვილის ყოველი წამი სევდიანია.. უყურებდე, როგორ უშვენებ შეცდომებს, იკარგებიან, იტანჯებიან, კლავენ და კვდებიან შენი თეთრი პერსონაჟები. სევდიანია იმისი გაანალიზებაც, რამდენად არ ესმით მათ შენი ენა. 

   თუ არსებობს ოქროს შუალედი, ის ნამდვილად დათმობასა და თავგანწირვაზე გაივლის. გასცემდე იმისთვის, რომ სხვამ მიიღოს და არა–დაგიბრუნოს. გიყვარდეს, რომ გიყვარდეს, თუნდაც არ უყვარდე, არავის უყვარდე..

   შეუძლებლობა..

   ამიტომაც მიდიხარ..არც ისე შორს, არამედ გვერდით ანუ პარალელურად. ამიტომაც წარმოიდგენ და ქმნი..რა მოხდებოდა, შენში და მათში შავი ლაქები წაგეშალა?! 
გეცხოვრა სინანულისა და ნოსტალგიის გარეშე, გეცხოვრა აქ და ახლა, ისტორიისა და ტყუილების გარეშე. რა მოხდებოდა, მეგობრების თვალებში დემონები გამქრალიყვნენ და მათში ჩახედვის აღარ შეგშინებოდა..

   –დახუჭავდი თვალებს და დილის მზეს მიფიცხებულ სახეზე ღიმილი შეგეპარებოდა პატარა ადამიანური მომენტების გახსენებისას. საყვარელი ხმის ტემბრის ან ორი პატარა თვალის წარმოდგენისას.და ეს წარმოდგენა არის უსასრულობის ეკრანი. ასე შეიცნობდი სამყაროთა მთლიანობას და ჭეშმარიტი აზრით ბედნიერებას...



Tuesday, August 20, 2013

სხვა ამბები


ოდესმე რომ მექნება ყოველდღიური მომაბეზრებელი სამსხური და ბევრი, ბევრი პასუხისმგებლობა,თუმცა არც იმდენი, რომ საღამოობით დაღლილი სხეულის რეაბიიტაციისთვის ალკოჰოლს არ მივმართო, მარტო დარჩნილს საუკეთესოდ გამიგებს ჩარლი.. ეს ერთხელ ჩემს ძვირფას მეტაფიზიკურ მეგობარს ვუთხრი და, არც გამკვირვებია, ისეთი მზერა რომ მომაპყრო, თითქოს რაღაც დიდ უხამსობაში დავეჭირე.მერე კი ორივე, მეც დ ჩარლიც, ლიტერატურული ენით დაგვამცირა. ოდესმე ყველა ასეთი მზერით მიმაცილებს სახლამდე. იქ კი ჩემი მარტოობა დამხვდება და მერე დაველოდებით ჩარლის, რომელიც აუცილებლად მოვა, იმიტომ, რომ საღამოობით ჩვენ ძალიან დაგვჭირდება მთელი დღის საძაგელი შთაბეჭდილებების გონებიდან როგორმე ჩამორეცხვა და იმიტომ, რომ ზოგჯერ შეუძებელია საკუთარი სულის არსებობის, როგორც ლურჯი ჩიტის ჭიკჭიკის, ატანა. ეს შეუძლებლობაც აუტანელია, თავისთავად.. „ადამიანად ყოფნის შეუძლებლობა.“ აუცილებლად დაგვჭირდება ბევრი სასმელი და ფეხარეული მუზა..და მაღალი შენობები საფრენად. 

მაპატიე, რომ ხშირად არ მადარდებს ეგვიპტე და სირია. და გმირები.ლიბერალები და ანარქისტები.და ერთსქესიანთა ქორწინებები და აბორტის ჰუმანურ-რელიგიური გაგებები.

Sunday, August 18, 2013

უკუთვალი




-არასოდეს მინახავს ასეთი მშვიდი..
-საწყალი..
-ვფიქრობ..იქნებ ასე უკეთესია.
-ენა როგორ გიბრუნდებათ!
მეჩვენება, რომ მიცვალებული ადგა და გავიდა. მეჩვენება რომ მიცვალებული თავის ადგილს, როგორც არტისტი -სცენას, დაუბრუნდა.
მკაცრი პროფილი აქვს, მართლა არასდროს მინახავს ასეთი მშვიდი.და არც თვალდახუჭული მინახავს აქამდე.თვალდახუჭული ადამიანი საკუთარ სულს უყურებს.იქნებ ამიტომაც..
თუმცა რამდენადმე ვიცნობდი მის თვალებს.უფრო კი საგნების მისეულ ხედვას. და მათი ასახვის ხერხებს ჩალისფერ ქაღალდზე სამოცგრადუსიანი შტრიხებით.
მეჩვენება რომ ეს ხალხი სულ გადაირია.
ქუჩაში გავდივარ. ქუჩა ცარიელია. გაჩერებული საათების ქუჩაზე სიჩუმე ყურებში მიწუის..ჯიხურთან ფეხშიშველი ბავშვი დგას, ჭიქიდან წყალს ღვრის.(სადღაც უკვე ვნახე ეს)
ერთიანად სხეული დამეღალა..მეჩვენება რომ უკან მივრბივარ.სახეებითა და მზერებით გადაჭედილ ოთახში, სადაც სუნთქვა ჭირს არანაკლებ, ვიდრე ცარიელ ქუჩაში, შემიძლია დავწვე და დავიძინო. ჩემს თავზეც იბუტბუტონ სახარების სტრიქონები..
მეჩვენება, რომ მისი სიახლოვე მაშინებს..არასოდეს მინახავს ასეთი ცივი..ლეთარგია.სიმშვიდე..
ხალხი მართლა გადაირია.

Saturday, August 10, 2013

For now

„პაწია პეპელა მიხურული მინის კარებს უაზროდ მიაწყდა და აფარფატდა. ჩემი სული გამახსენდა, შენი სული გამახსენდა, და ავტირდი“ ჟაკლინ სირაძე

 ყოველწლიური საზაფხულო არდადეგები ჩემი ცხოვრების ისეთივე სტანდარტული მუდმივაა, როგორიც, ვთქვათ,მათემატიკური პი ან მუსიკლური ნოტი. სწავლის დასასრულის მოლოდინი, ჩანთებში წიგნების, რვეულების, გრილი და თბილი პერანგების ჩალაგება და გრძელ გზაზე დადგომა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, შავი ფერის ავტომობილით, ცხრა საათის სავალ მანძილზე. კეთილი მგზავრობის აუცილებელი დეტალები ხარისხიანი ყურსასმენი, წინა დღით საგულდაგულოდ შედგენილი ფლეილისტი, ცივი ყავა და მზის სათვალეა. ხოლო ის, რასაც ეს მგზავრობა ჩემს გონებაში იწვევს ნამდვილი ჯადოქრობაა და ყოველ ჯერზე ათასი სიახლით მავსებს. საკმარისია გავცდე ურბანულ ერთფეროვნებას და უცხო, მწვანე პეიზაჟში გადავეშვა, უსაზღვრო თავისუფლების გრძნობა მეუფლება და თავბრუს მახვევს წარმოსახვიდან შემოჭრილი ფიქრები. ფეხებშემოკეცილი ვზივარ მანქანის სავარძელზე და ფანჯრიდან ვაკვირდები მუსიკის ფონზე სურათების დინამიკას, რომლებიც ზოგჯერ ისე გავს სეზანის პეიზაჟებს, რომ ქართული ბუნებით შთაგონებული ხატვდაო, გაფიქრებინებს. 
მეჩვენება, რომ ყველა იმ ფილოსოფიურ კითხვას, რომელსაც მთელი წელი ცხოვრების რიტმის მიღმა ვტოვებ, ამ მგზავრობისთვის ვინახავ-ხოლმე. დროის დინება წრედ მესახება. ეს წრეა, ყოველ წელს რომ გადაკარგულ სოფელში მივყავარ, სადაც ისეთი სიჩუმეა, არსებობაში დაგაეჭვებს..
 ახლა კი, ზაფხულის ვარსკვლავიან ღამეს ფანჯრიდან ზურგზე გადაწოლილი ვუყურებ ზეცას, როგორც მომავალს, კოსმოსთან შეერთების დაუოკებელი სურვილით. დროის წრეს გარღვევის საფრთხე დაემუქრა და ჩემი სულის ყველა ნაწილი დამფრთხალი ცხოველივით ებრძვის სიახლეს. ოდესმე ყველფერი იცვლება, სულ ყველაფერი..და აღარასდროს განმეორდება ყოფის აუტანელი სიმსუბუქით სავსე ეს ღამე. აღარც ყოველწლიური მგზავრობები, არც სიჩუმე და არც ბალახის სუნი იქნება იგივე. პირველყოფილი შიში მიპყრობს თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გონების ლაბირინთში დაკარგული ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანია სივრცული ცვლილებები?

Wednesday, July 24, 2013

Blue bird


მთელი ღამე ტიროდა.თავისი პატარა ცხოვრების გამო, დაუსრულებელი შიშის, სევდის, სირცხვილოს და კიდევ ათასი, გონმიუწვდომელი გრძნობის გამო, მხოლოდ ემოციურ შრეებს რომ აწვებოდა ნამის წვეთებად.
დილით ყველაფერს გაიაზრებდა და თავს დამცინავ სიცილს დააყრიდა, სანამ მხრებში აბსოლუტურად გამართული, თავადური მიხვრა-მოხვრითა და მზერით გაემართებოდა სოციალური ცირკისკენ.
მთელი ღამე ტიროდა, რადგან ის ის იყო გააანალიზა, სიკვდილი რომ აბსოლუტური დასასრულია და პირველგანცდილი შვება მოულოდნელმა სასოწარკვეთამ დაუფრთხო. განა რა არის იმაზე მტკივნეული პატარა ადამიანისთვის, ვიდრე უთხრა რომ სიკვდილის მისტერიები, ბოდვები სუბსტანციურ არსობაზე თუ სულის ტრანსფორმაციებზე არის აბსურდი.და ყველფერი მთავრდება წამის მეასედში, როცა ბიოლოგიური მექანიზმი ფატალურად დაგიზიანდება. ტრაგიკული რეალობა-ის ვეღრ ხედავს ვერაფერს, რასც ამდენ ხანს ეჭიდებოდა.მან დაკარგა უკანასკნელი იდეალი-სიკვდილის კულტი, ასე მონდომებით რომ ასხამდა ათას სხეულს და ღამღამობით დუმილის ენაზე ესაუბრებოდა.და აი: უკანასკნელმა თანამგზავრმა მიატოვა.
შექსპირი, გოეთე, ვირჯინია. უნამუასო მატყუარები! წარმოგიდგენია, რა ოსტატურად გააცურეს კაცობრიობა?! იმ ღამეას, როცა პატარა ადამინი განუწყვეტლივ ტიროდა, ზეცა ცარიელი იყო ღმერთებისა და კლასიკოსებისგან. უჩუმრად გაიკრიფნენ ღრუბლის ფარდის უკან.ადამიანი უნდა დარჩენილიყო
სრულიად მარტო, რომ ძველებურად ვეღარ ეპოვა ძლიერი პარტნიორი, ყველა მის სიმძიმეს რომ გადაიბარებდა. უნდა დარჩენილიყო მარტო და მარტოობაშიც ვეღაარ დაენახ რაიმე თავშესაფარი.
და იგი მთელი ღამე ტიროდა, სანამ ოთახში დიდი სარკე არ დაიმსხვრა. 
სიზმრიდან გამოღვიძება ჰგავს წყლიდან ამოსვლას.შენ ისევ გახსოვს დინების ხმა ყურის ნიჟარების გავლით და გახსოვს თამამი ფიქრი დახრჩობაზე, საკუთარ თავთან გამხელილი ზრახვა. მაგრამ გადაიფიქრე.
..ტირილი შეწყვიტა და გათენდა, როცა ოთახში დიდი სარკე დაიმსხვრა. პატარა ადამიანის გამოსახულება კოსმოსივით გაიშალა და ცრემლშეუმშრალი თვალები გამრავლდა.
მათ ყველას ერთი სევდა ჰქონდათ და არასოდეს მიატოვებდნენ ურთიერთს.
პატარა ადამიანმა იგრძნო, რომ აღარ იყო ისეთი პატარა.
და მართლა აღარ იყო.

პს. დღეს ჩემს ხელებში პატარა ჩიტი მოკვდა. დიდი და პატარა ტრაგედიები.

Monday, July 8, 2013

დავიწყებული ჩანაწერებიდან..

სუნთქვის შემკვრელად მტკივნეული ღამეა. რამდენჯერმე ვცადე ბიოლოგიური საწყისის უარყოფა, უშედეგოდ..სხეული სუნთქვას მთხოვს, ადამიანები – თანადგომას. რას მოითხოვს ჩემი არსება?! ყველა დემონის გათავისუფლებასა და საჯარო სასამართლოს?!
აი, რას გეტყვი: ჯანდაბამდე გზა გქონია, დაწყევლილო სულო! ყველა შენი წარმოსახვითი ღირებულებითა და ილუზიური არსებობის ათასი დეტალით გიშვებ, და.ტო.ვე. ეს. სივრ.ცე!!– ვთქვი და ავტირდი.
ვინ ვარ მე და ვის ვემიჯნები?
ღმერთო, საით წავიდეთ?
ღმერთო, არ მოგბეზრდა ჩვენით თამაში?
როლების მარადიული ცვლა და ახალ–ახალი დაპირისპირებების მზერა–გართობა..ათასი ვარიანტი, კიდევ მეტი პარტია ჭადრაკის ოცდათორმეტი განწირული ფიგურით..და რისთვის?/////

წამიერი ხილვა მქონდა: გაურკვეველი გამოსახულება კედელზე დაკიდებული ნახატიდან განსხეულდა. მომიახლოვდა, გადიდდა და უფრო გაბუნდოვანდა. მოულოდნელად ბაგიდან ჩემივე ხმით რამდენიმე ბგერა ამოუშვა და მხოლოდ ერთი სიტყვა გავარჩიე. მხოლოდ ერთი. მხოლოდ სიტყვა ,,წყვდიადი", რომელიც მეორე წამს ორივე ხელის გულზე გამომესახა დამარცვლით.

ძალიან მტკივნეული რაღაც მოხდა და აღარ შეიცვლება.
ღამე კიდევ რამდენიმე საათს გასტანს, არ ვფიქრობ გარდაცვალებაზე. წამზომი ჩართულია..ცხოვრება– აბსტრაგირებული დრამა– ისტორიათა გახუნებული სპექტრი. 
ყოველი სიტყვით გატყუებ.. ყველაფერი ერთმანეთში მერევა. შენ ხარ მე?!!! მე, რომელიც არსებობს თუ მე, რომელმაც არსებულის შიგნით არარსებობის ოთხ კედელს შეაფარა თავი?! თუ ჩემი სხვა ხარ?! დამსხვრეული სარკე ხარ?! არასრული გამოსახულება??!!! შენ მამოძრავებ?..მერვე დღე ხარ?!...........სიტყვებში არ გამოაშკარავდები..კიდევ ერთი ტყუილი მოვროშე.
აი, შევიშალე. ამ რეალობის ამ წამიდან გონება ამოსუნთქვას გავატანე და შევიშალე. შემდეგ მეთექვსმეტე საუკუნეში დავიბადე ოფელიად და მოვკვდი ფსიქეად. სულ ეს იყო. მე დიდხანს ვდუმდი და შევიშალე. შენ კი მაინც ჩემი სხვა ხარ,..დიდი, პირღია უკმარისობა.

03:28 

Friday, June 21, 2013

ივნისის პოსტი ?

"ივნისი– ყველაზე მწვანე და ცხელი.." ~ უცნობი მგზავრი

 დღეს, 21 ივნისს მზე კირჩხიბს ესტუმრა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკარგული მეგობრების მოძებნისა და შეწყვეტილი ისტორიების ამოქექვის დროა, პლანეტათაშორისი მონატრების დღესასწაული!
 წიგნები გადმოვალაგე. გამხმარი ყვავილების სურნელით გაივსო ხის სახლი. თითო წიგნში ერთი ყვავილი მაინც დამხვდა და თავისი ისტორია გადმომიშალა. ვარდები საუკეთესოდ ინარჩუნებს სუნსა და მოგონებას. ზამბახებს კი წიგნის ფურცლები შეუღებავს. ყაყაჩოების მეტამორფოზა – სულ სხვა, უცნობ მცენარედ გადაქცეულა, მაგრამ ზღვის სუნი მაინც შეუნახავს. ვუყურებ მათ და გონისმიერი თვალით მივიწყებულ კადრებს ვათვალიერებ, წარსული მთელი სიცხადით მიბრუნდება..და როცა კინოსეანსს ვასრულებ, სავსე ვარ მრავალჯერადი გრძნობებით, რომელთა უკვდავყოფა შევძელი.

რაღაცები სულ იცვლება ჩემში და გარშემო. ოცნებები უფერულდება, იდეალები თავს იკლავენ. ყველაზე მყარი აზრიც კი, რაც ჩამომყალიბებია– უარვყავი.. მაგრამ არიან ადამიანები, ისეთი ძლიერი ხასიათითა და ერთგულებით, რომ ვერასოდეს ამოიგდებ თავიდან. რა ტკივილიც არ უნდა მოჰქონდეს მათზე ფიქრს, ვერ მოეშვები.

ის კილომეტრების იქით ცხოვრობს, ახალი რეალობით, მოკრძალებული სამსახურით, სასიამოვნო სანაცნობო წრით. საღამოებს ხელოვანების გარემოცვაში – მყუდრო ბარში ან მეგობრის სახლში ატარებს. ცოტა გაიზარდა, თმა მოკლედ შეიჭრა და უფრო აკადემიურად იცვამს, როგორც ახალ სამსახურს შეეფერება. მან ცხოვრება ისწავლა და თავისუფლებაზე წარმოდგენა შეიცვალა, ნაკლებს ოცნებობს და მეტს აღწევს. წარსულს მოეშვა..თუმცა დღეს მას სტიქიის ძალით შემოაწვა მონატრება, რადგან ოცდაერთია და მზე კირჩხიბს ესტუმრა.. ახლა იგი ჩემსავით ფიქრობს. ყველაფერი თავდაყირა აქვს. ისტერიკულად ებღაუჭება ჩავლილ წყალს და ხელთ სიცარიელე რჩება.. თანაგრძნობა მიპყრობს. სიზმრად მივდივარ მომჟავო სიმყუდროვის ალუბლის ბაღში, სადაც მის სევდიან სახეს უნდა შევხედო. ხის სკამზე ვსხედვართ გვერდიგვერდ და ის ტირის, რადგან არაფერი შეცვლილა და ეს მართლაც აუტანლად სევდიანია! უცებ ისმის წყვეტილი ბგერები, თუმცა იოლად ვარჩევთ სიტყვებს. ჩვენ ვიცით ეს მელოდია:
"I remember it well, the first time when I saw your head around the door, cause mine stopped working."
ბაღში ზაფხულის ქარი უბერავს.
არაფერი შეცვლილა.
..და მაინც, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვგრძნობთ. მხოლოდ აბსტრაქტული დეტალების გაცოცხლების უნარი შემოგვრჩა.

დასანანია.



Tuesday, May 7, 2013

ლანდები

ჭექა–ქუხილი გაისმა. ფანჯარას ამოფარებული გამხდარი ქალი სხეულს პლედით იფარავს.
დილის 3:56.
ოთახში არასრული სიბნელეა. ავეჯსა და ნივთებს შორის კატასავით დაიპარებიან ლანდები.გამხდარი ქალის ლანდები..პირადი საკუთრება და თეატრის ძველი ბილეთებივით შემორჩენილი ისტორიები. ყველას სძულს მელანი. იგი ლანდებს ააშკარავებს. შემოქმედება – ტკივილის ჯვარცმა თეთრ ფურცელზე.
გახევებული ქალი აბრეშუმის პლედით იფარავს წუხანდელ იარებს. მოკლე წინამო მისი ხასიათის მკაცრი შტრიხია და მელანქოლიაჩამდგარი თვალების ხაზგასმა.

უეცარი სიცილი ქალის ბაგეს ამტვრევს. შეიშალა?! დემონმა ეგოს კედელს გადააბიჯა.
უხორცო სხეულს იატაკზე ათავსებს და იცინის. ლანდები ღელავენ. წამის მეათედში ქალის სახეზე ემოცია იცვლება. (ნაკვთების მარტივი რეკონსტრუცია) მშვიდი ხმით:
– ისევ მოხვედი, ალიგიერი? არ იშლი შენსას? – ღიმილი. თვალებს ხუჭავს და სიბნელეს ენდობა. – მიყურე, როგორ დავნებდები ეშმაკს!
კვლავ სიცილი. ჭექა–ქუხილს ეხმაურება და ლანდებს აშინებს.
4:12.
აისი : ნაღებისფერი. წითელი. ნაცრისფერი.
ჩუმი მზე.

ქალი საწერ მაგიდასთან ზის და სამელნის ზედაპირს თითით ავლებს წრეს. ოთახში ნესტისა და ვარდების სუნი ტრიალებს. ღვთაებრივი სიცილი ჩვეულ ცივ მზერად გარდაეცვალა. კვლავ უხორცოა და არამიმზიდველი.
ქალის ფიქრები :
წერდე – ნიშნავს, არაფრის გეშინოდეს.არც დემონების და არც კოსმსური შავი ხვრელების. ნიშნავს სამყარსთან რისკიან თამაშს.
წერდე – ნიშნავს, ყოველ ჯერზე მახინჯი ბავშვი დაბადო და გონების ეკლებს მისი უსუსური ხორცი დააგლეჯინო. შემდეგ ლოტუსის ყვავილებით მორთო საკუთარი ქმნილება.
წერდე წარსულს– ნიშნავს, აჩრდილები მუჭში მოიმწყვდიო და ოლიმპიელ ღმერთებთან გაუშვა დასამარცხებლად..
უყურო, როგორ გადაიქცევა შენი სიტყვა კაცობრიობის საკუთრებად. როგორ მოივლის აბრეშუმის გზით მისტიკურ აღმოსავლეთს და ტიბეტელ ბერს გულწრფელად გააცინებს.
წერდე– ნიშნავს, შემოქმედს იწვევდე, მაგრამ არ მარცხდებოდე, როგორც ბიბლიური იაკობ, არამედ ღმერთი დაიმორჩილო.
შეუძლებლობა :
მელანი არასოდეს კმარა.
სისხლი არასოდეს კმარა.
სიტყვა არასოდეს კმარა.
არც სიბნელე კმარა ღამით.
სიმფონია არ კმარა.
ბახი ნაბიჭვარია.
ვინსენტი მკვდარია.
ადამიანობა – შეუძლებელი.

4:26.
თოლიების ხმა ბედნიერების ილუზიას ბადებს ცარიელ სანაპიროზე. ზღვა. სილურჯე, როგორც განწყობა დილაობით.
ქარი აფრიალებს აბრეშუმის პლედსა და შავ კაბას. ტანისამოსად ქცეული უხორცო არსება –ქალი ტირის. მლაშე ზღვაში ჩაიძირა მელანქოლია.
,,შეუძლებლობა".– ჩურჩულებს.
ზღვა გამხმარი ტერფების დალბობას ცდილობს. სხეულს სიმლაშე იპყრობს. ყურის ნიჟარებიდან ლანდების უკანასკნელი, ცხოველური კივილი ისმის. ამჯერად ვეღარ დაემალებიან მელნისებრ სილურჯეს. ყველაფერი ზღვარზეა. ბოლო სადგური. თავისუფალი მგზავრის შვებით ამოსუნთქვა ჰაერს შეერია. მკვდარი თევზები წყლის ზედაპირისაკენ ისწრაფიან. კენჭები კი სიკვდილის მოზაიკას აწყობენ ფსკერზე.

Thursday, April 11, 2013

1.2.3.4.

იმედგაცრუების ზღვა.

დაღმასვლა. მეცხრედან პირველამდე. მძიმედან აუტანლამდე. სვლა ეკლიან დაღმართზე. ხან ნაცრისფერი მხეცი ვარ, ხან– ცეცხლოვანი ფრინველი. პატარა სოფლებს, პატარა სიცოცხლეებს ვანადგურებ.

ამაოების სადგური # 9

შიშველი სხეულების გულისცემა ერთადერთი რიტმული მოძრაობაა ნისლიან სადგურზე. ისინი თრთიან. დამშრალი თვალების მზერა ფიქსირებულია სადგურის გაჩერებულ საათზე.  გაყინულ ციფერბლატზე ექვსი საათი აღიბეჭდა და მგზავრთა იმედები შთანთქა. მოლოდინმა ნესტივით დაისადგურა მათს ძვლებში. მან დროის დინება უარყო და უსასრულობას შეერწყა. მატარებელი მოდის უსასრულოდ. დროის წინაღობა უარყოფილია. მარტარებელი არასოდეს აგვიანებს. ისრები უმოძრაოა. ის აუცილებლად მოვა შიშველი სხეულების სანუგეშოდ. ოთხნოტიან მელოდიად ისმის გულისცემა. ამაოების რეკვიემი ჟღერს მათ სხეულებში, სადაც სულის ნაცვლად ლურჯი ფრინველები იხრწნებიან. ასეული წლის წინ, როცა სადგურს მინის სახურავზე მზის სხივები ირეკლებოდა და ჭაღარა მხატვრის წითელი ხელები წამის დაჭერას ცდილობდა, დრო გაჩერდა და მასთან ერთად დაკარგა მოძრაობის უნარი ყოველივე არსებულმა. გადარჩა რეკვიემი, რომელიც ზედმეტად მოუხელთებელი იყო წამის მხატვრისთვის. წრეები. ციფერბლატები. წრეები ადამიანთა თვალებში. უემოციო მოლოდინი. დავიწყებული მომავალი. არავის ახსოვს რა არის მატარებელი..მაგრამ ის მოვა.

1.2.3.4.
რიტმული გულების აზრთაცვლა :
ღვთაებრივი ცეკვის მაყურებელი ბავშვები ტირილს წყვეტენ.
ერთი. ამოსუნთქვა.
ორი. გახსოვს? წმინდა მთიდან ზეცად ავმაღლდით, ამაზრზენ ქალაქს გადმოვხედეთ. არ გახსოვს.
სამი. მომიყევი სიბნელეზე. მე არასოდეს დამიხუჭავს თვალები. მეშინოდა დაბრმავების. მომიყევი შიშებზე. ეჭვებზე, შურზე, ღალატსა და სივრცეში დაკარგულ ადამიანებზე. ადამიანობაზე. შეუძლებლობაზე. ღმერთებზე მომიყევი.
ოთხი.
გონებადაკარგული ქალწულის სახეს  დავცქერით. ნაკვთები იარებია – ასე სრულგვყოფს შემოქმედი. გონებადაკარგული წითელი ფრინველი. უმოძრაო მიმიკური კუნთებითაც კი ისეთი მედიდურია, დახრჩობა მოგინდება. მაგრამ მომავალს გვერდს ვერ აუვლი. შეუძლებლობა.

რეალობა.

სანაგვის ვირთხებისგან მხოლოდ იმითი გავნირჩევით, რომ ზოგჯერ თავი მათგან განსხვავებული გვგონია. სინამდვილეში კი სანაგვეზე ვიბადებით, ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვიხოცებით და ვერწყმით უსასრულო სანაგვეს. ზოგჯერ მზე დაგვნათის და ვბრმავდებით. ისე ვბრმავდებით, რომ მნათობის სხივები ბედნიერებას გვგვრის და გვავიწყდება, რომ ჩვენთვის ეგზომ ღირებულს, საარსებოდ მნიშვნელოვანსა და ეფემერულ ქონებას, ნაგავს გვიხრწნის.